მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ, უკრაინამ დაუყოვნებლივ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ევროპის 4 ლიდერის განცხადება

62ab50a3f234c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 19:55
1441
გერმანიის, იტალიის, რუმინეთის და საფრანგეთის ლიდერებმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებელ მიღებას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს“, - წერს გამოცემა.

„გერმანია უკრაინის სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღების ინიციატივით გამოდის. ეს მოლდოვის რესპუბლიკასაც ეხება. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მას თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა კი ევროპელი ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის დასტურია.

”ყველა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირთან უკრაინის მიერთების სტატუსს“, - განაცხადა მაკრონმა. მისი სიტყვებით, ეს სტატუსი უკრაინისთვის რუქის ფუნქციას შეასრულებს ევროკავშირთან დაახლოებით მიმართულებით. 


როგორც ცნობილია, 17 ივნისს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებების შესახებ ევროკომისიის დასკვნა გასაჯაროვდება.