მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ იმ სოცდაუცველ ოჯახებს ვამოწმებთ, რომელთაც თავად მოგვმართეს - სოცსააგენტო

63355b6e3519f
მარიამ ვარადაშვილი
29.09.22 13:20
681
მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, სოციალური შემწეობა 9 000 - ით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში სოციალური შემწეობა 660 833 ადამიანმა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი რიცხვი აგვისტოსთან შედარებით 9 208-ით შემცირდა.

ჯამში აგვისტოში 670 041 ადამიანმა მიიღო შემწეობა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ქვეყანაში მიზნობრივ სოციალურ დახმარებას [საარსებო შემწეობას] მოსახლეობის თითქმის 18% იღებს. თავისი არსით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება, რომელსაც ქვეყანაში შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ოჯახები იღებენ.

პანდემიის პერიოდში ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემოწმებაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული, რის გამოც, შემწეობის მიმღებთა ოდენობა რეკორდულად გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა მათთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხაც და მაქსიმალურ ნიშნულს აგვისტოში მიღწია [57 მლნ ლარზე მეტი].

გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდა. როგორც BMG-ის სოციალური მომსახურების სააგენტოში უთხრეს, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომელთაც სააგენტოს გადამოწმების თხოვნით თავად მიმართეს. მიმდინარე წელს მთავრობამ ასევე დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმება 4 წლის განმავლობაში აღარ იგეგმება.

“ამჟამად, გრძელდება მხოლოდ იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, დაიწყო იმ ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი, ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ან გადამოწმების შედეგების მიხედვით, შეუწყდათ სოციალური დახმარება”,-აცხადებენ სააგენტოში.