მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მხოლოდ მარკეტინგული კამპანიები ვერ მოიტანს შემოსავალს” - ტურიზმის სექტორი შაბათ-კვირას რეგულაციების მოხსნას ითხოვს

609983a94a6b1
ანუკა ჯოხაძე
10.05.21 22:43
633
“იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ეს ის ძირითადი სლოგანია, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს პოზიციონირება მოხდება. ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია მზადაა, თუმცა დეტალები დოკუმენტთან მიმართებით ჯერ უცნობია.

კერძო სექტორის ნაწილი თვლის, რომ ზაფხულის სეზონთან მიმართებით მარკეტინგული აქტივობების განხორცილება უკვე დაგვიანებულია. ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ამბობს, რომ უკვე აქტიურად უნდა დავიწყოთ, მუშაობა როგორც შემოდგომის ისე ზამთრის სეზონებისთვის. მისი თქმით, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად სამიზნე ბაზრებში ევროპის ზოგიერთი ქვეყანაც შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელიც ვაქცინაციის მაღალი ტემპით ხასიათდება. თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში შაბათ-კვირას არსებული რეგულაცების შემსუბუქება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მარკეტინგული კამპანიები ქვეყანას შემოსავალს ვერ მოუტანს.

“დრო არის ძალიან ცოტა. ჩვენი მარკეტინგული შეთავაზებებით ივნისი, ივლისი და აგვისტო ძნელი გადასარჩენი იქნება. თუმცა შესაძლოა ტურისტები კონკრეტული ქვეყნებიდან ისედაც ჩამოვიდნენ. კარგი იქნებოდა გრძელი შაბათ-კვირის პაკეტების შეთავაზება მათთვის. ამისთვის საჭირო იქნება გადაიწიოს კომენდანტის საათმა, თუნდაც ღამის 12 საათამდე, რომ საშუალება მიეცეს ბიზნესს იმუშაოს. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ როცა ბიზნესი მუშაობდა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ მომხდარა. შაბათ-კვირას ინტენსიურად უნდა ამუშავდეს მუზეუმები, დაცული ტერიტორიები, რესტორნები და ა.შ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. მარტო მარკეტინგული კამპანიები ვერ მოიტანს შემოსავალს", - აცხადებს ტუროპერატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ია თაბაგარი.