მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ რეგულაციები მოსახლეობას ძვირი უჯდება, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ EU-ს წევრი - BDO

629c9f520f58d
გიორგი თოლორდავა
05.06.22 19:20
1149
BDO Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე მთავრობის, მოსახლეობისა და ბიზნესის უმთავრეს და ერთიან ამოცანად უნდა იქცეს რეფორმების რაც შეიძლება სწრაფად გატარება და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობების მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილება.

ლალაზაშვილის განმარტებით, გარდა იმ აშკარა ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური უპირატესობებისა, რომელსაც ევროკავშირის წევრობა იძლევა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ქვეყანა იღებს სანდოობის მნიშვნელოვან გარანტს, რომელიც უცხოელი ინვესტორების, ფონდებისა და ტრასტებისთვის გზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ქვეყანაში რისკები მცირდება, საინვესტიციო გარემო უმჯობესდება და ეკონომიკური სტაბილურობის დონე იზრდება. ეს კი, თავის მხრივ, სახელმწიფოს იმაზე გაცილებით უფრო მეტად მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, ვიდრე ამას ხელისუფლების ინიციატივები და ფინანსური თუ ლოგისტიკური ჰაბის შექმნის იდეები შეძლებდა.

BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ევროინტეგრაციის პროცესის გაჭიანურების რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რეგულაციების ჰარმონიზებით, ქვეყანა სარგებელს ვერ იღებს და ევროკავშირის სტანდარტების დაწესებით, საბოლოო ჯამში, პროდუქცია ძვირდება. აღნიშნულმა სტრატეგიამ აზრი რომ შეიძინოს, აუცილებელია, ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს თავად ევროკავშირის წევრი და ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს აქვთ.

„რეგულაციები, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ აძვირებს ცხოვრებას. ბიზნესს უძვირდება რეგულაციებთან შესაბამისობა, რაც საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის პროდუქტებსა და სერვისებს აძვირებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ თუ ის სარგებელი არ მივიღეთ, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ და მხოლოდ რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით წავედით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენს კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო მეტად ვკარგავთ.

მაგალითად, თუ ავიღებთ რეგიონის ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ ეს რეგულაციები, მათ შედარებით იაფი უჯდებათ პროდუქციისა თუ მომსახურების მიწოდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძვირი გვიჯდება და აუცილებელია, რომ სარგებელი აჭარბებდეს დანახარჯებს - ამისათვის ერთადერთი გზა კი ის არის, რომ ინტეგრაციის და რეფორმების განხორციელების პერიოდი იყოს რაც შეიძლება მოკლე“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.