მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

My Way Airlines-ი ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

61af1f9e0f74d
მარიამ ვარადაშვილი
07.12.21 12:55
657
My Way Airlines-ი ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის იურისტმა თამარ მამფორიამ განუცხადა. ავიაკომპანია სასამართლოს მას შემდეგ მიმართვას, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ბრძანებას ოფიციალურად ჩაიბარებს.

“ერთადერთი გზა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის შეჩერება მოხდეს იქამდე, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არის სასამართლოში გასაჩივრება. ვასაჩივრებთ, რომ კომპანიამ ოპერირების გაგრძელება შეძლოს; როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გასაჩერებელია, რადგან სახეზეა ავტომატურად შეჩერების საფუძვლები, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ამიტომ ერთადერთი გზა ამ ბრძანების ჩაბარების შემდეგ არის სასამართლოში წასვლა, მისი გასაჩივრება და სამართლებრივ პროცედურებზე მიყოლა”, - აცხადებს მამფორია.

კომპანია სასამართლოსგან საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შეჩერებას ითხოვს, რადგან კომპანიის ერთდღიანი დაყოვნებაც კი, 100 000 დოლარის ოდენობის ზარალს გამოიწვევს, რაც მოკლე პერიოდში ავიაკომპანიის გაკოტრებას ნიშნავს. მეტიც, როგორც იურისტი ამბობს, დეკემბერი ყველაზე მეტად დატვირთული თვეა გადაზიდვების კუთხით.

დღესვე კომპანიამ განცხადება გაავცელა, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან არსებული სადავო საკითხით დაინტერებისკენ მოუწოდა. კომპანია მთავრობის წევრებს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს და განმარტავს, რომ საკითხი, რაზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.

“სააგენტო კომპანიას ედავებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წილთა გადანაწილებას ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის და ეფექტური კონტროლის საკითხებს. აღნიშნული საკითხი გამოსწორდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე, ბოლო პერიოდში ასევე შეიცვალა მშობელი კომპანიის წესდება მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად არსებობს უამრავი კითხვა სააგენტოს მიერ ეფექტური კონტროლის განმარტებაზე.

კომპანია, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე, გამოთქვამდა სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მათგან რეკომენდაციების მიღების სურვილს, რათა პასუხი გასცემოდა ყველა კითხვას და საქმე არ მისულიყო ისეთ კატასტროფულ შედეგამდე, როგორიცაა კომპანიისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება. მიუხედავად ჩვენი მზაობისა, სააგენტოს მხრიდან რეალურ თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონია და კომპანიას მუდმივად ამყოფებდა ბუნდოვან და გაურკვეველ მდგომარეობაში დავის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წილთა თანაფარდობა მოიყვანა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და ასევე, შეცვალა წესდება, ეს ფაქტები არ აღმოჩნდა საკმარისი სააგენტოსათვის და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტო აპირებს კომპანიას გაუუქმოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია”, - აცხადებენ კომპანიაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება 5 დეკემბერს გააგვრცელა:

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე”,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს, ავიაკომპანიის მიმართვის შემთხვევაში, სააგენტომ სამ თვეში უნდა განიხილოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის აღდგენის საკითხი. 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის შესახებ განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში".

MyWay Airlines-ის სტრუქტურა წინააღმდეგობაში მოვიდა კანონმდებლობასთან - ნათია თურნავა