მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MY.GE-ის ამბავი - უშუქობიდან ყველაზე საჭირო ადგილამდე ქართულ ინტერნეტში

5e3918fd93190
BM.GE
04.02.20 11:06
3415
MY.GE-ის ისტორია, რომელმაც შექმნა ყველაზე საშენო საიტები ქართულ ინტერნეტში, რთულ და წარმოუდგენელ პირობებში დაიწყო. 2002 წელს, როცა ელექტრონერგიასთან წვდომის პრობლემა იყო, შეიქმნა პირველი ქართული E-Commerce პლატფორმა. დღეს MY.GE, 2.2 მილიონი ვიზიტორით, ყოველთვიურად, ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელიც 8 ვებგვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome, Myparts, Myshop, Myads, Myjobs და Mysports.

როგორც კახა და ლაშა გიგიტელაშვილები ყვებიან, თავიდან არავის სჯეროდა მათი იდეის წარმატების, მაგრამ თავისი და სხვების ცხოვრების გამარტივების შთაგონებით შექმნეს MY.GE, რომელმაც შეცვალა მომხმარებლის ქცევა არაერთ ინდუსტრიაში.

დასაწყისი

ლაშა: ჩვენი პირველი ოჯახური ბიზნესი მობილურების მაღაზია იყო. იმის გამო მახსოვს, რომ ნაცნობები ხშირად მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ ტელეფონების ფასსა და მონაცემებს. ფაქტობრივად, ვასრულებდი Google-ს მოვალეობას. კითხვებით დაღლილმა, 2002-ში გადავწყვიტე საიტის გაკეთება, 1 კვირაში გავარჩიე ვებტექნოლოგიები და დავიწყე MYMOBILE.GE-ს აწყობა.

კახა: თავიდან ვერავის წარმოედგინა, რომ ამას რაიმე შედეგი შეიძლებოდა გამოეღო. 2002 წელს, ჯერ კიდევ რთული იყო ჩვენთან ინტერნეტით სარგებლობა. მახსოვს, მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ბიზნესგეგმა მოვამზადე MYMOBILE-ის შესახებ. მაშინდელმა ლექტორმა ეს ყველაფერი იუმორით აღიქვა. 1 წამითაც არ დაუშვია, რომ ეს გაამართლებდა.

პირველი მომხმარებელი

ლაშა: მახსოვს, ონლიან პირველი მობილური 2002-შივე გავყიდეთ და მე თვითონ ვიყავი კურიერი. ალბათ, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი ონლაინ გაყიდული ნივთი. პირველი სარეკლამო ბანერიც მაშინ გაიყიდა, 300 დოლარად.

MYMARKET

ლაშა: ახალ მობილურებთან ერთად, მოთხოვნიდან გამომდინარე, MYMOBILE-ზე დავამატეთ მეორადი ტელეფონები. ზუსტად აქედან გაჩნდა MYMARKET-ის შექმნის იდეა. დღეს MYMARKET-ს 900,000 უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და 110 000-მდე ნივთი, თუ მომსახურებაა განთავსებული.

MYAUTO

ლაშა: MYAUTO-ს შექმნის შთაგონებაც პირადი გამოცდილება იყო. ზაფხულში მანქანის შეძენა მინდოდა, გაუსაძლისი სიცხის გამო, შერჩევის პროცესი არაკომფორტული იყო, ამასთანავე, ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. მაშინ გავიფიქრეთ, რა კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ვებგვერდი, სადაც ავტომობილებს სახლიდან გაუსვლელად შეარჩევდი. ამ შემართებით შევქმენით ავტომობილების პორტალი, რათა შერჩევისა და შესყიდვის პროცესი გაგვემარტივებინა. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებდა ავტოპორტალს.

კახა: თავიდან ავტომობილის მფლობელებს არ უნდოდათ ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენვე გვიწევდა სურათების გადაღება. მერე ბაზრობაზე მომუშავე, ხაჭაპურის გამყიდველ გოგონას შევთავაზეთ, გადაღებაში დაგვხმარებოდა. გადაღებულ მასალას შაბათ-კვირას ჩვენი კომპიუტერიდან ვტვირთავდით. ნელ-ნელა ხალხმა დაიწყო ფოტოების გადაღება და საიტზე განთავსება. უკვე თვითონ ქმნიდნენ კონტენტს MYAUTO-სთვის. დღეს MYAUTO-ს 1 200 000 მომხმარებელი ჰყავს და 300 000 ახალი განცხადება იდება.

MYHOME

კახა: MYHOME-ც მსგავსი შემართებით ავაწყეთ. გვინდოდა, შეგვექმნა ახალი გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე, რაც ვფიქრობთ, გამოგვივიდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ MYHOME-ს ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ვიზიტორი ჰყავს და 140 000-მდე უძრავი ქონების განცხადების ნახვაა შესაძლებელი.

ხედვა

ლაშა: მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს წამოწყებას, ორივეს გვჯეროდა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით და ჩვენ გავუმარტივებდით ცხოვრებას ჩვენნაირ ხალხს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასდროს გვიხელმძღვანელია კომერციული ინტერესით, ყოველთვის ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო მომხმარებლებისათვის მეტი კომფორტის შექმნა.

პასუხისმგებლობა

ლაშა: ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ჩვენი მომხმარებელია, ყოველთვიურად 2.2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს MY.GE-ს და ქმნის ჩვენი პლატფორმების კონტენტს. ძალიან გვეამაყება, რომ მომხმარებელი გვენდობა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათი 85% მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს MY.GE-ს ვებგვერდებს. ეს ყველაზე დიდი ჯილდო და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.

გეგმები

კახა: ამ ეტაპზე MY.GE-ში მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი და ბრენდ პლატფორმის განახლება.

ლაშა: ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტრენდს და დავნერგოთ მოწინავე ტექნოლოგიები სერვისებში. ამჟამად ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავებაზე და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, MY.GE ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც კომფორტულად და მარტივად ნახავ საშენოს.



(NS)