14.სექტემბერი .2019 13:40

Myway Airlines: ფრენების სუბსიდირება ჩვენთვის მიუღებელია

views 274
უკან

"სუბსიდირებაზე სურვილი ჩვენ არ გამოგვითქვამს, იმიტომ რომ სუბსიდია ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ევრო რეგულაციებს, რომელიც უკვე დანერგილია", - ამის შესახებ BM.GE-ს ავიაკომპანია Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა მთავრობის მიერ ავიაკომპანიების ფრენების 600 000 ევრომდე სუბსიდირების კომენტირებისას განუცხადა.

აფციაური მიიჩნევს, რომ ევრო რეგულაციების დარღვევა კომპანიის მხრიდან გამორიცხულია.

"სუბსიდირება ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის გამორიცხულია. ნებისმიერ საერთაშორისო ფრენას რაც ეხება, პირდაპირ აკრძალულია იმ ევრო რეგულაციების მიხედვით, რაც საქართველოშიც უკვე დანერგილი გვაქვს", - აღნიშნა აფციაურმა.

Myway Airlines კომერციული დირექტორის განმარტებითვე, ბაზარზე მხოლოდ ორი მსხვილი ავიაკომპანიაა და მათ შორის მის კომპანიასთან ერთად ერთ-ერთი "ჯორჯიან ეარვეისია", ხოლო დაფინანსების პირობების მიხედვით, რომელიც ცნობილი გახდა, ჩანდა, რომ პირობები მხოლოდ ერთ ავიაკომპანიაზე იყო მორგებული.

"ჩანდა, რომ პირობები უკვე ერთ ავიაკომპანიაზე იყო მორგებული იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი ტრანზიტული მიმართულება იყო მითითებული, რომ მხოლოდ ერევნის გავლით დაფინანსდება და ჩვენ კომპანიას ერევანში არ უფრენია. ფრენა რომც დაგვეწყო, პროცესს მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება.

მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ იქ პირდაპირ ეწერა, რომ ეს იყო სუბსიდია და ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ. შემდეგ რაღაცეები შეცვალეს და თქვეს, რომ ეს არ არის სუბსიდირება და ეს არის მარკეტინგული მხარდაჭერა, შემდეგ ვადა გაახანგრძლივეს კომპანიებისთვის, ლონდონის და ბრიუსელის მიმართულებებიც დაამატეს.

ბაზარზე საერთაშორისო ფრენებს ჩვენ და კიდევ ერთი ავიაკომპანია ვახორციელებთ. დანარჩენი ავიაკომპანიები სატვირთოა და შიდა ფრენების განმახორციელებელი კომპანიები არიან", - განაცხადა იგორ აფციაურმა.

ცნობისთვის: გასულ კვირას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას ეკონომიკის მინისტრმა საკუთარი ხედვის წარდგენისას ავიაკომპანიების სუბსიდირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "არასწორია ის, რომ რაღაც თანხები გაიცა, მიეცა კომპანიას, მიეცა აირზენას". 

როგორც მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, პროცესს, რომელსაც "აეროპორტების გაერთიანება" უძღვება, ჯერ არ დაწყებულა და მათი მხრიდან საკონკურსო მზადების პროცესშია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა