მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines-ის საკონტროლო პაკეტი გაიყიდა - კომერციულმა დირექტორმა კომპანია დატოვა

5dbc1b4c1af75
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 18:03
3134
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის 51%-იანი წილის მფლობელმა და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა კომპანია დატოვა. როგორც BM.GE-ს აფციაურმა განუცხადა, გადაწყვეტილება საკუთარი ნების საფუძველზე მიიღო, რადგან ის ახლადშექმნილ გუნდთან ერთად საავიაციო კომპანიას ქმნის, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი რამდენიმე მიმართულებით იქნება. კომპანია, რომელსაც იგორ აფციაური აფუძნებს და ამ დროისთვის მის სახელწოდებას არ ასაჯაროებს, მათ შორის ქართულ ბაზარზე ტურ სააგენტოს და ტუროპერატორის ფუნქციას შეასრულებს.

უცნობია, რა თანხად მიჰყიდა იგორ აფციაურმა კომპანიის მფლობელ Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ს Myway Airlines-ის 51%-იანი წილი.

„მინდა, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით იმ გუნდთან ერთად, ვინც ამ წლების განმავლობაში მყავდა, მათთან ერთად ერთობლივი საავიაციო კომპანია შევქმნა, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები და იდეები კონკრეტულად საავიაციო სფეროში ექნება. დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა იმიტომ, რომ წლებია ამ სფეროში ვარ. დეტალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გავასაჯაროებთ.

ჩვენ მიერ დაფუძნებულ კომპანიას რამდენიმე მიმართულება ექნება: 1. საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს ავიაციის სფეროში; 2. კომპანია იქნება, როგორც ტურ სააგენტო და ტუროპერატორი,“ - განმარტა აფციაურმა.  

როგორც Myway Airlines-ის ყოფილი მეწილე აღნიშნავს, მას „დიდი იმედი აქვს, რომ ავიაკომპანია ბაზარზე ოპერირებას გააგრძელებს“.

BM.GE-სთან საუბრისას აფციაური აღნიშნავს, რომ თავად ავიაკომპანიის ბაზრიდან გასვლის ნიშნები „ჯერ-ჯერობით არ ჩანს“.

სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე BM.GE კომპანია Myway Airlines-ს დაუკავშირდა. კომპანიაში ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაციას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ისინი 2020 წლის ზაფხულის სეზონზე ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავენ.

ცნობისთვის: Myway Airlines საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და ფრენები თელავივის მიმართულებით დაიწყო. იგორ აფციაური კომპანიის კომერციული დირექტორი სწორედ 2018 წლის თებერვლიდან არის.