მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად არიან თუ არა სადაზღვევოები სწრაფი ტესტების დასაფინანსებლად?

5e8de326f1652
ინგა მურუსიძე
08.04.20 19:07
1045
PSP დაზღვევის დირექტორის, სოფიო ლებანიძის განცხადებით, კომპანია მზად არის, სამინისტროსთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციები გამართოს, იქნება ეს სწრაფი ტესტების დაფინანსება, სატელეფონო კონსულტაცია თუ ა.შ. საკითხზე ლებანიძემ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ გავეცანით ქალბატონი მინისტრის განცხადებას, რომელიც საუბრობს კონსულტაციების დაწყებაზე კერძო სექტორთან. ჩვენ ჯერ გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ განცხადებასთან დაკავშირებით, იმის მიღმა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ველოდებით დაკავშირებას სამინისტროსგან.

ჩვენ აბსოლუტურად ღია და მოქნილი ვართ აღნიშნული საკითხის მიმართ, რომ ნებისმიერი ფორმატის და კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგადად, დაზღვევის ბიზნესს საკმაოდ დიდი პორტფელი აქვს, კორპორატული, ჯანმრთელობის დაზღვევის და ძალიან ბევრი მოსახლე არის დღეს გაერთიანებული სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტებში და ეს არის პრაქტიკულად ის მოსახლეობის წილი, რომელიც სრულად არის კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ სამართი. გამომდინარე იქიდან, რომ "ჯანმო" გასცემს მუდმივად რეკომენდაციებს თვითიზოლაციით, ამბოლატორიულად კონსულტაციების გაწევის აუცილებლობაზე, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბინაზე მომსახურეობის გაწევა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ საოჯახო მედიცინის პრაქტიკით მივაწოდოთ ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი, რაც მოქალაქეს დასჭირდება“, - განაცხადა ლებანიძემ.

მისივე თქმით, PSP დაზღვევა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ონლაინ-სერვისებზე გადასვლა უზრუნველყო და დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიაში დაზღვეულებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ონლაინ, ტელემედიცინის საშუალებით მიიღოს პირველადი აუცილებელი კონსულტაცია. 

„ეს პლატფორმები გავტესტეთ და ვმუშაობთ აქტიურად. დღეის მდგომარეობით, უკვე 700-სზე მეტი ტელემედიცინის კონსულტაცია გატარდა ჩვენს მიერ. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. სავარაუდოდ ძალიან აქტიური კონსულტაცია გაიმართება სამინისტროსთან იმაზე, რომ დაზღვევის საოჯახო მედიცინის, ოჯახის ექიმების მომსახურეობის პრაქტიკა იყოს უფრო მწყობრი, უკეთესად ორგანიზებულ, რომ ეპიდაფეთქების შემთხვევაში სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს მზად“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც ლებანიძე ამბობს, ტესტებთან დაკავშირებით კომპანია კონსულტაციებისთვის მზად არის.

„ტესტირების კომერციალიზაციის პოლიტიკას სახელმწიფო ჯერჯერობით მხარს არ უჭერს. აქამდე გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კოვიდთან დაკავშირებით ყველაფერს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხელშეკრულებებში ტესტების დაფარვები არ დევს, თუმცა შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე და სამინისტროსთან კომუნიკაცია-კოორდინაციით შევძლებთ გამოსავლის მოძებნას. უპირობოდ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შევასრულებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მივაწვდით მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებს“, - განაცხადა ლებანიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის ფორმატის განსაზღვრისთვის სამინისტროსა და კომპანიებს შორის კომუნიკაცია შედგება.