მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად არის თუ არა სასტუმროების ინდუსტრია, სტუმრები მხოლოდ ე.წ მწვანე პასპორტით მიიღოს?

617870c200ffe
დავით ჯალაღონია
27.10.21 23:20
666
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობას ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებას სთავაზობს. ამისთვის გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო დოკუმენტი უკვე წარუდგინა. ახალი სისტემის დეტალებზე პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა თუ "მწვანე პასპორტი" დაინერგება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ობიექტებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება საჭირო.

რამდენად მისაღებია ეს მიდგომა კერძო სექტორისთვის, ამის შესახებ BMG სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელს შალვა ალავერდაშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით, "მწვანე პასპორტის" მექანიზმის შემოღება სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში დასაქმებულთა ირიბი სავალდებულო ვაქცინაციის ტოლფასი იქნება.

"პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ყველა აიცრას. ერთი აცრილი ადამიანი ქვეყანაში შემოსულ 3000 ლარს ნიშნავს – ერთი აცრილი ადამიანი ნიშნავს სამი ტურისტის შემოსვლას და ერთი ტურისტი საშუალოდ, 1000 ლარს ტოვებს ქვეყანაში.

ჩვენ ჩვენს პერსონალს მოვუწოდებთ, ვესაუბრებით, მაგრამ არავინ არავის ძალას არ ატანს, რომ თუ აცრილი არ იქნება, სამსახურიდან გავუშვებთ. ეს არ შეიძლება და არ ხდება, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ ბერკეტს დააწესებს, რომ ჩვენ თუ აცრილი არ გვყავს სტუმარი, ის ჩვენთან სასტუმროში ვერ შემოვა, ან თუ PCR ტესტი არ აქვს უარყოფითი, ვერ შემოვა, ეს პირველ რიგში ჩვენ მოგვცემს ვალდებულებას, რომ ყველა პერსონალი ავცრათ. რას მოვითხოვ მე სტუმრისგან, თუ მე ჩემი პერსონალი არ ავცერი? რეალურად, ირიბად ვხდებით ვალდებულები, რომ სრულად გვყავდეს ჩვენი პერსონალი აცრილი და ეს იქნება სრულიად გასაგები მათთვის, რომ მე კი არ დავაძალებ რაიმეს, სახელმწიფო გადაწყვეტილება ირიბად დააძალებს, რომ აცრილები იყვნენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პერსონალზე ვლაპარაკობ, რაც ჩემი გადმოსახედიდან, კარგია.

რაც შეეხება ბიზნესს, თბილისის და რეგიონების მასშტაბით, ბიზნესისთვის ეს ნიშნავს საქმის გართულებას. რეალურად, ბიზნესმა უნდა აკონტროლოს, ყველა შემოსული ადამიანი აცრილია თუ არა, PCR ტესტი გაკეთებული აქვს თუ არა და ასევე, თავისთავად დისკომფორტს უქმნის სტუმარსაც, რომელსაც შეიძლება თან არ ჰქონდეს აცრის დამადასტურებელი საბუთი. კარგია, თუ იქნება აპლიკაცია, რომელსაც ტელეფონში ჩამოტვირთავს ადამიანი და შემოწმებაც ძალიან მარტივი იქნება. ეს თემა უნდა დაიხვეწოს და გამარტივდეს. ასევე, თუ ადამიანი ალერგიულია, ან რაიმე მიზეზით არ არის აცრილი, ესაც უნდა იყოს მითითებული აქ. შესაბამისად, ცოტა უნდა დავხვეწოთ, თუ შემოვიღებთ ქვეყანაში ამ სისტემას, რომ ეს ყველაფერი ბიუროკრატიასთან არ იყოს დაკავშირებული და მარტივი იყოს ამის გამოყენება", – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

დაინერგება თუ არა საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო ამის შესახებ მომდევნო 10 დღის განმავლობაში იმსჯელებს.