მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვარ, სკანდალური გადაწყვეტილება მივიღო“ - პრეზიდენტის პირობა

607d76634c2d3
ინგა მურუსიძე
19.04.21 16:27
887
პრეზიდენტი მზად არის „მთავარი არხის“ დამფუძნებელ გიორგი რურუას გათავისუფლებას ხელი მოაწეროს, თუკი ოპოზიციას და მთავრობას შორის შეთანხმება შედგება და ამას საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს ორჯერ გაკეთებული განცხადებით. მმართველი პარტია ჩემი ნებართვის და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ვთვლი; ეს უკვე საქმით დავამტკიცე.

შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებს თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან მუდმივი აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს.

ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება ვუწოდოთ, გარდა პოლიტიკური პატიმრობისა, ის არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე თავს, მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ თუკი სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დავაყენო.

ამის გათვალიწინებით, მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, თუმცა მას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით - კრიზისის დასრულებისთვის ეს ნაბიჯი ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრებას და გამოწვევების გამკლავებას.

ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირსა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.

ამ განცხადებებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.