მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვართ, დაინტერესებულ ქვეყნებს ჩვენი სასაზღვრო სისტემის მუშაობა გავაცნოთ“ - დავითაშვილი უკრაინის ბრალდებაზე

624d50bc7c2cf
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.22 12:43
668
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ ქვეყანას საქართველოს სასაზღვრო სისტემის მუშაობა და ტვირთების გატარების პროცესი გააცნოს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა უკრაინის ბრალდებას, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთში კონტრაბანდული საქონელი შესაძლოა საქართველოს გავლით შევიდეს.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ვინმე ვინმეს რამეში ბრალს დებს, ამ ბრალდების საფუძველიც მან უნდა წარმოადგინოს.

„ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, პარტნიორებს მოეთხოვებათ ცოტა მეტი ყურადღება და პატივისცემა. ამ განცხადებას უნდა მოაყოლონ კონკრეტული ფაქტები. ამაზე განცხადება სუს-მაც გააკეთა, განსხვავებულს ჩემგან ვერაფერს მოისმენთ, რადგან თითოეულ თქვენგანს ეს მოთხოვნა ექნებოდა.

ამიტომ არამხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა(რამდენადაც ეს საერთაშორისო განცხადება იყო) დაელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ ისევ განცხადების ავტორების რეპუტაცია შენარჩუნდეს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და უკრაინის ელჩის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ. მისივე თქმით, საქართველოში სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი უმაღლეს დონეზეა.

„საქართველოს ხელისუფლება მზად არის და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნისთვის, რომ მათ ნახონ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა დარწმუნდნენ, რომ ყველა ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, უსაფუძვლოა და კონტრაბანდის რისკი უბრალოდ არ არსებობს.

მეორე, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველების შეურაცხმყოფელი. იმის გამო, რომ მდგომარეობა რთულია და ომია ჩვენ დეტალებში შესვლა არ გვინდა და აღარ ვსაუბრობთ იმაზე სანაცვლოდ ჩვენ რას ვაკეთებთ, რადგან ამ შემთხვევაში დათვლა და თვლა მორალური არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.