მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ დავასაქმოთ ახალგაზრდები და მათ სტაბილური სამსახური შევთავაზოთ - თეა ზაქარაძე

62de508cdf608
ელენე გოგბერაშვილი
25.07.22 22:00
6977
პოსტპანდემიურ პერიოდში კადრების დეფიციტი საავიაციო სექტორისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა - ამ თემაზე საუბრობს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერიც, თუმცა როგორც თეა ზაქარაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, მათი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, პანდემიის პერიოდში თანამშრომლები შეინარჩუნეს და დღეს, როცა ძალიან რთული სიტუაციაა აეროპორტებში, მათი თანამშრომლები ყველა რეისს უპრობლემოდ ემსახურებიან.

"კოვიდის პერიოდი იყო საინტერესო და რთული გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის, აეროპორტებისთვის, მაგრამ ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები როგორც კოვიდ, ისე პოსტ კოვიდ პერიოდში, რაც ძალიან დაგვეხმარა. ძალიან ცუდი სიტუაციაა აეროპორტებში, წინა კვირაში იყო 550-მდე დაკარგული ბარგი, რომელიც საკმაოდ დაგვიანებით ჩამოდის აეროპორტებიდან. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდი უპრობლემოდ ემსახურება ყველა იმ რეისს და მზად არის მიიღოს ბევრად მეტი რეისი.

ადამიანური რესურსის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, არც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი მარტივი არ არის აიყვანო თანამშრომელი, გადაამზადო, ასწავლო ეს საქმე და გაუშვა, მერე კი ახალი მოიძებნო, სწორედ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი და ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი საავიაციო სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების დასაქმების  მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საავიაციო უნივერსიტეტთან და საკმაოდ კარგი ახალგაზრდები მოდიან. წელს ავიყვანეთ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები; გვემატება ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც აინტერესებთ საავიაციო ბიზნესი. „ტავი“ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც სურს მიიღოს და აეროპორტების ბიზნესის ნაწილი გახდეს, მოუწოდებს, მოვიდნენ. ჩვენ მზად ვართ დავასაქმოთ და სტაბილური სამსახური შევთავაზოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.