05.თებერვალი .2020 23:39

ნააკი - მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული კანონშემოქმედება

views 1641
უკან

კანონის მიღება არის კანონშემოქმედებითი პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპი. კანონის მიღების შემდეგ პარლამენტმა უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, შესრულდა თუ არა ის მიზანი, რომლის მისაღწევადაც კანონი იყო მიღებული (ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი - ნააკი).

ნააკი საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამოკვეთოს კანონის მიღების, მასში ცვლილების შეტანის საჭიროება, დაგეგმოს კანონშემოქმედებითი პროცესი, მიიღოს მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული კანონები. ეს ფუნქცია პარლამენტს საშუალებას აძლევს გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, თუ დაადგენს, რომ კანონი ვერ აღწევს დასახულ მიზანს.

გარდა ამისა, კანონების აღსრულების კონტროლით პარლამენტი განახორციელებს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ნააკი საშუალებას აძლევს პარლამენტს შეამოწმოს არა მხოლოდ საკუთარი მიღებული კანონები, არამედ ამ კანონების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტები და მათი გავლენა კანონის იმპლემენტაციაზე.

ნააკი იმითაც არის ღირებული, რომ მასში მონაწილეობის უფლება აქვთ დაინტერესებულ პირებს, ექსპერტებს, საჯარო დაწესებულებებს თუ კერძო პირებს, რაც იძლევა კანონის პრაქტიკაში გამოყენების სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას. ნააკის ფარგლებში პარლამენტს ისიც კი შეუძლია, რომ შეისწავლოს სასამართლო პრაქტიკა და მისი გავლენა კანონის აღსრულებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმი ჯერ კიდევ 2004 წლიდან არსებობს, მისი დანერგვა პარლამენტმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. გასათვალისწინებელია, რომ წლის განმავლობაში პარლამენტი ასობით კანონებს იღებს. მაგალითად, 2019 წელს პარლამენტმა მიიღო 402 კანონი. ამ ფონზე, პარლამენტმა ძალიან ცოტა შემთხვევაში შეისწავლა მის მიერ მიღებული კანონების იმპლემენტაციის შედეგები.

მაგალითისთვის, როცა 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული 275 პირისთვის დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის მინიჭება არ მოხდა ან გაჭიანურდა, აშკარა გახდა, რომ პრობლემა შეექმნა კანონის აღსრულებას. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც თვალები ჰქონდათ დათხრილი, დაგვიანებით მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. ბევრია, ვისაც დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.

მედიის კითხვებზე გენერალურმა პროკურორმა მაშინ უპასუხა, რომ კანონი არ აძლევდა სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გაჭიანურება ამით იყო გამოწვეული. დამკვირვებლებისა და ექსპერტების შეფასებით, პრობლემა იყო პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ნააკი, რომლის გამოყენებითაც პარლამენტს შეუძლია შეისწავლოს სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა, რაც ეხება არა მხოლოდ ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულებს, არამედ ყველას, ვისაც დანაშაულის შედეგად რაიმე ზიანი მიადგა.

აქ პარლამენტმა ნააკის მეშვეობით უნდა დაადგინოს, რა იწვევს დაზარალებულის სისხლისსამართლებრივი სტატუსის მინიჭების შეფერხებას. ხომ არ არის ეს გამოწვეული კანონის ხარვეზით ან მისი არასწორი აღსრულებით? აღნიშნულის გამორკვევის შემდეგ პარლამენტმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს კანონის ის ნორმა, რომელიც პრაქტიკაში არაერთგვაროვანი მიდგომის შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, ნააკის გარეშე პარლამენტის კანონშემოქმედებითი პროცესი არასრულყოფილია. ნააკის რუტინულად გამოყენების შემთხვევაში კი, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა იქნება უფრო დაფიქრებული, უფრო დასაბუთებული და უფრო ხარისხიანი, როგორც ეს დემოკრატიულ პროცესს შეეფერება.

ეკატერინე ციმაკურიძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა