05.აპრილი .2020 15:40

„ნაცმოძრაობა“ მზადაა, მთავრობას უფასო ავიარეისისთვის საჭირო თანხა ჩაურიცხოს, მაგრამ - ერთი პირობით

views 374
უკან

„ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას ეხებოდა.

დღეს კი, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, უფასო ავიარეისის შესრულებისთის საჭირო თანხა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს, საქართველოს მთავრობას ჩაურიცხოს. ერთადერთი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულება "სქაიაფთან" გაფორმდეს.

„სასწრაფოდ, საჭიროა და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმისათვის, რომ „სქაიაფს“ მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში.

28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები, სადაც 4000 მეტი ადამიანია, ამიტომ ამის განხორციელება არც თუ ისე ძნელია. აუცილებელია, რომ „სქაიაფს“ მიეცეს ფრენებისთვის შესაბამისი ნებართვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის 81-ე დადგენილების ფარგლებში, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, ხოლო მეორე მუხლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ჩარტერული ფრენების განაცხადი განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის დამდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ვერც ერთი ფიზიკური პირი დაპოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“, - განაცხადა ვაშაძემ.