მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავალუტო ფონდის დარწმუნება არ გაგვჭირვებია" - ვანო მაჭავარიანი სახელმწიფო ვალზე

5face2e2d67e0
ინგა მურუსიძე
12.11.20 11:21
936
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, გიორგი გახარიას მთავრობა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული.

ახალი ვალების მობილიზების შედეგად, კი საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ს 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 60%-ზე ქვემოთ ვალის დონე 2023 წლისთვის უნდა ჩამოვიდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის მისიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში იმართებოდა და მის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომ 2021 წელს მთავრობამ ბიუჯეტი 5.1%-ის ნაცვლად, 7.6%-იან დეფიციტზე დაგეგმოს.

Bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდის დარწმუნება, რომ საგარეო ვალი 60%-იან ზღვარს გადასცეს?

„სავალუტო ფონდის დარწმუნება არ გაგვჭირვებია, რადგან სავალუტო ფონდი ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა. განსაკუთრებით ადეკვატური და მნიშვნელოვანია კრიზისების დროს. მათ კარგად იციან, თუ რა დონის და მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში. არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ სოციალურ-ეკონომიკური ზრდადობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების გაზრდა, დეფიციტის გაზრდა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ვალის გაზრდას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.