მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NAEC-ში სხვა უწყებებთან შედარებით ფიქსირდება მაღალი ანაზღაურება სტანდარტულ პოზიციებზე - IDFI

5f60f9c6be4cb
თამთა ჯიჯავაძე
15.09.20 23:30
1220
შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ანაზღაურება სხვა უწყებებთან შედარებით, ისეთ სტანდარტულ პოზიციებზეც როგორიც არის მუშა/დამლაგებელი/მებაღე, - ამის შესახებ საუბარია IDFI-ს კვლევაში, რომელიც სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკას ეხება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გათვალისწინებულია 1200 ლარი, როდესაც სხვა უწყებებში ამ პოზიციების ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარს შეადგენს.

IDFI-ის კვლევის მიზანია საჯარო სამსახურში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების და მათთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა. ამ მიზნით IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა 104 უწყებას (სამინისტროები, მათი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებები).

კვლევის ფარგლებში IDFI-ს სხვა მიგნებები შემდეგია:

- 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

- 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.

- სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს.

- ცალკეულ შემთხვევებში, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.

- 2019 წელს კვლევის სამიზნე 31 სსიპ-ში, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია 18%-ით. 2018 წელს დადებული 4,629 ხელშეკრულებიდან, 2019 წელს ამ რაოდენობამ უკვე 5,452-ს მიაღწია.

- საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას.

- ბუნდოვან პოზიციებზე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია განსხვავებული იყოს როგორც სხვადასხვა, ასევე ერთი და იგივე საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, კონსულტანტის ან ექსპერტის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებაში მერყეობს 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე.

- მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.