მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაირ-ნაირი” პრემიერს ონლაინ ვაჭრობაზე ირონიული ტონის გამო აკრიტიკებს

5fecb48499acf
თამთა ჯიჯავაძე
30.12.20 22:30
2683
როცა მცირე და საშუალო ბიზნესი წვალობს და ბევრ რაღაცას აკეთებს კარგად, მათთვის ეს ირონია პრემიერისგან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა კომპანია „ნაირ-ნაირის“ დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი გახარიას მიერ ონლაინ ვაჭრობის ხარისხის მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას.

მისი თქმით, ცინიკურია, როდესაც პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს.

„გასაგებია, რომ საქართველოში ონლაინ ვაჭრობა არც ისე კარგად არის განვითარებული, მაგრამ არსებობენ ბიზნესები, რომლებსაც ეს მიმართულება დალაგებული აქვთ და პრობლემები ექმნებათ იმის გამო, რომ არის კომენდანტის საათი, არ არის საშობაო ბაზრობები და ა.შ. ახალ წელს პატარა ბიზნესები მოუთმენლად ელოდებიან, რომ მცირე შემოსავალი ჰქონდეთ. წელს ამის საშუალება არ არის“, - განაცხადა გიორგი ხერგიანმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მხოლოდ ონლაინ შეუძლიათ ვაჭრობა, ძალიან ბევრი შეკვეთაა, რომლის დარიგებასაც კურიერები ფიზიკურად საღამოს 9 საათამდე ვერ ახერხებენ.

ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია “ნაირ-ნაირის” დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ მათ საშვები ითხოვეს, თუმცა, არ აძლევენ.

„ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით, გვითხრეს რომ ელ-ფოსტა გადაგვეგზავნა, მეორე დღეს რომ დავურეკეთ, გვითხრეს, რომ ერთ კვირაში გაგვცემენ პასუხს. ერთ კვირაში ალბათ აღარც დაგვჭირდება საშვები“, - განაცხადა გიორგი ხერგიანმა.

მანვე დასძინა რომ „ნაირ-ნაირი“ გააგრძელებს განვითარებაზე ზრუნვას, თუმცა, 2020-მა წელმა მათ ასწავლა, რომ ვერასოდეს დაგეგმავ რაიმეს, ვინაიდან შეიძლება მთავრობამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ გეგმების განხორციელება შეუძლებელი გახდეს.

ცნობისთვის, გახარიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით შეძენა.