მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაკლებად ჩაერიეთ ბიზნესის საქმიანობაში” - ფინანსისტის რჩევა მთავრობას

5fedc6635bcfe
ინგა მურუსიძე
02.01.21 15:30
1351
მეტად დაემორჩილონ კაპიტალიზმის ბუნებრივ წესებს, ნაკლებად ჩაერიონ ბიზნესის საქმიანობაში და იფიქრონ გადასახადების დაწევაზე - ეს ის რჩევა-რეკომენდაციებია, რომელსაც ფინანსისტი ირაკლი ერაძე საქართველოს მთავრობას 2021 წლისთვის აძლევს.

„საშინელი ეკონომიკური წელი”, - ასე აფასებს 2020 წელს ირაკლი ერაძე და ამბობს, რომ ეკონომიკური სირთულეები შექმნა არა მხოლოდ პანდემიამ, არამედ საპარლამენტო არჩევნებმაც. „შესაძლებელია, ამ მინისტრთა კაბინეტსაც კონკრეტულმა სიტუაციამ რაღაც ასწავლოს და სხვანაირად დაიწყონ ფიქრი“, - ესეც მისი სურვილია, ამიტომ ამ მხრივ მომავალ წელს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.

„2020 წელს ეკონომიკური პოლიტიკა, ძირითადად, პოპულიზმზე იყო აწყობილი და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ჯამში, ძალიან რთული წელი გავიარეთ. მესმის ისიც, რომ ასეთ დროს ვალის აღება გარდაუვალი იყო, თუმცა რამდენად სწორად დაიხარჯა თანხა, მეორე საკითხია. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სოციალური მიმართულებით არ უნდა დაიხარჯოს თანხები; სჯობს, ადამიანებს ფული დავურიგოთ და თავად გადაწყვიტონ კრიზისის დროს, ფულს რაში დახარჯავენ - საკვებში, ბავშვის ფეხსაცმელში თუ გადასახადებს გადიხდიან”, - ამბობს ირაკლი ერაძე.

აღსანიშნავია, რომ ის არაა ერთადერთი ფინანსისტი, ვინც მთავრობას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს არასწორი იყო. „2020-ში ასეთი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც იყო. არ შეიძლება ბაზარზე ამ დონეზე ჩაერიო და ყველასთვის აღებული ფულით დაეხმარო შეძლებულ ფენას. ხელოვნურად ბაზარზე ფასის შენარჩუნება სწორი არ არის. მაშინ რას ვაკეთებთ 2021 წელს? შეიძლება რაღაც მომენტში შეინარჩუნო ფასი, მაგრამ როდემდე გააგრძელებ სუბსიდირებას? მით უმეტეს იმ ფონზე, რომ შეიძლება, ეკონომიკური ვარდნა 2021 წელსაც გვქონდეს”, აღნიშნავს ფინანსისტი.

რაც შეეხება პოგნოზებს, ირაკლი ერაძე მიიჩნევს, რომ მომვალი წელი გაცილებით მძიმე იქნება, რადგან სტარტი არის რთული, რასაც პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისი ემატება.

„პანდემიის მხრივაც რომ ყველაფერი გამოსწორდეს, რაღაც პერიოდი სჭირდება ქვეყანას, რომ ეკონომიკა ამოიქოქოს. საკმაოდ რთული წელი იქნება და შეიძლება, ახლადდამტკიცებულმა ბიუჯეტმა მალევე განიცადოს ცვლილებები - ვირუსი არაპროგნოზირებადია და თან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია”, - აცხადებს ის.