მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაკლები ალბათობაა, დამნაშავე უცხოელი იყოს - შს მინისტრი ავსტრალიელ ქალზე

6107d17a7dca2
ინგა მურუსიძე
02.08.21 15:05
873
ნაკლები ალბათობაა, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, - ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დასმულ კითხვას, რაც მთაწმინდაზე, ავსტრალიელი ტურისტის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.

შს მინისტრი გამოძიების დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს. „ბევრჯერ მითქვამს, რომ შეიძლება გამოძიება გაფუჭდეს და ჩემი ერთი სიტყვით წყალში ჩაგვეყაროს ყველაფერი, რაც ორი ღამე ვიწვალეთ. ნებისმიერ გარდაცვლილზე ერთნაირად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთაწმინდაზე იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს, სხვა ქალებზეც იძალადეს, შს მინისტრმა დაადასტურა, რომ უწყებაში ორი შეტყობინება შევიდა, თუმცა არა ძალადობაზე.

„იყო ორი შეტყობინება, თუმცა ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, ქალბატონებს შეეშინდათ და გაიქცნენ, როცა მათ პიროვნება უახლოვდებოდათ. დავკითხეთ ისინი და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი, რომელიც თბილისში 30 ივლისს გაუჩინარდა, 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობისთვის, გაუჩინარებამდე უცხოელი ქალი მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე სასეირნოდ იყო წასული. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, შანაე ბრუკმა აშშ-ში მყოფ მეგობარს დაურეკა, რა დროსაც მეგობარმა გაიგო როგორ ყვიროდა შანაე და ვიღაცას ეუბნებოდა, რომ მისთვის ხელი გაეშვა. ამის შემდეგ ქალი კონტაქტზე აღარ გამოსულა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.