მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომლისთვისაც ვინმეს 3 თვეში მოვძებნით და ჩავანაცვლებთ“

614c9361a8e45
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 18:57
557
"ENKA-ს მონაწილეობით ამ პროექტის გაგრძელების ძალიან მცირე შანსია" - ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“, მხარეებს შორის „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში ენერგეტიკა ერთადერთი დარგია, სადაც მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს, არსებული ფაქტი კი ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზიანებს. ზურაბ ლალაზაშვილი თვლის, რომ ხუდონჰესისა და ანაკლიის პორტის მსგავსად ასეთი მოცულობითი პროექტები გაჩერების შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განხორციელდება.

„ეს არ არის პროექტი და შედეგი, რომელიც მოკლე ვადაში შეგვიძლია გადავლახოთ - სამი თვის შემდეგ ვინმე მოვძებნოთ და ჩავანაცვლოთ. უშუალოდ „ნამახვანჰესის“ პროექტი საკმაოდ დიდი ხნით გაჩერდება, ისევე როგორც სხვა მსგავსი პროექტები ხუდონი, ანაკლია... ვინმეს მოტრიალება ამ პროექტზე საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია უახლოესი 5 წლის განმავლობაში მაინც“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

მისი განმარტებით, საინვესტიციო პროექტები მიმზიდველია დროის კონკრეტულ პერიოდში, ხოლო მათი შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ისინი მომგებიანობას და ხიბლს კარგავენ.

„სიმართლე გითხრათ მიკვირდა ამდენი ხანი რატომ ჰქონდა ENKA-ს ამ პროექტის გაგრძელების სურვილი და ენთუზიაზმი.

ინვესტიცია ასეა, როდესაც ფული გაჩნდება და მასზე ხელმისაწვდომობა არის პროექტში უნდა დაბანდდეს. თუ დროულად არ მოხდა ამ თანხის ათვისება, ეს ზრდის ამ პროექტის ღირებულებას და მისი მომგებიანობა და მომხიბვლელობა იკარგება. ვფიქრობ, რომ დასაწყისიდან, როდესაც ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მთავრობასთან თუ მოსახლეობასთან კარგი მუშაობის შემთხვევაში ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, რადგან ინვესტორმა ამდენი ხანი იმის ცდაში იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო“, - აღნიშნა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ ნამდვილად მიიღო და რომ მთავრობაში პროექტის გარშემო არსებული კითხვების მოსახსნელად მუშაობენ. უწყებაში იმედოვნებენ, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.