12.აპრილი .2021 16:20

ნამახვანჰესის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ადგილზე ხმაურია

ნამახვანჰესის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ადგილზე ხმაურია
views 147
უკან

ნამახვანჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელ ტერიტორიაზე ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან „რიონის მცველები“, რომლებიც  ტერიტორიაზე შესვლა ცდილობენ, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

როგორც აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მოქალაქეების მოთხოვნა არის სამართლიანი, რომ გზა გაიხსნას, ხოლო ქმედებები კონსტრუქციული, რაც იმაში გამოიხატა, რომ პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევენ.

„აქ მობილიზებულია სპეცრაზმი. ყოველთვის ასეა, ჩვეულებრივ რეჟიმში არიან. წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, როცა საკუთარ ქვეყანაში, მშვიდობიან აქტივისტებს გვეკრძალება გადაადგილება, რომ პროტესტი გამოვხატოთ. 169 დღეა ხეობაში ვართ და აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, პოლიციის ან კომპანიის ტექნიკის მისამართით, აქამდეც იზამდა.

ასეთი რამ არ მომხდარა, რაც ადასტურებს იმას, რომ მშვიდობიანად ვაპროტესტებთ. ძალადობრივად გვიპირისპირდებიან, რითაც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენი გულწრფელი პროტესტი მათთვის არაფერს წარმოადგენს. ბლოკირებული აქვთ მთელი ხეობა. ადამიანები თავიანთ საქმეებზეც კი ვეღარ გადაადგილდებიან და ეს მიუღებელია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ: დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მისთვის ნამახვანჰესთან დაკავშირებით ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.