მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესის“ შესახებ კვლევების გაცნობისთვის დაინტერესებულ ექსპერტებს 2 თვე აქვთ - თურნავა

60647de3aa890
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 18:14
656
„ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ კვლევების გაცნობისთვის დაინტერესებულ ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს 2 - თვიანი პერიოდი მიეცათ - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მანამდე ჩატარებული კვლევები სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, რადგან საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაისვა, ამიტომ ექსპერტებს უჩნდებათ შესაძლებლობა კვლევების რევიზია განახორციელონ, რის შემდეგაც კომპანია მათს რეკომენდაციებს  გაითვალისწინებს.

„იმისთვის რომ „ნამახვაჰესის“ პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა მოიხსნას და მეტი ნდობა შეიქმნას, ექსპერტების და სამეცნიერო წრეების ფართო საზოგადოება ჩავრთეთ, ვისაც კვლევების გადამოწმებისა და შემდგომ ზედამხედველობის პროცესში ჩართვის კომპეტენცია და სურვილი გააჩნია. ყველა, ვისაც ინტერსი გამოუთქვამს და ესმის ეს დარგები, ეს იქნება გეოლოგია, სეისმოლოგია, ჰიდროლოგია - ყველა მოვიწვიეთ, რა თქმა უნდა შეიძლება საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი სრულიად ვერ მოვიცავით, ამიტომ ეს პროცესი ღიაა.

ჩვენი მხარდაჭერით, 2 თვის განმავლობაში დაინტერესებული ექსპერტები იმსჯელებენ, თუ რა კვლევებია ჩატარებული. თუ კი გამოავლენენ რაიმე რისკს ან ხარვეზს ან გამოავლენენ სურვილს, რომ ამ კვლევის რომელიმე კომპონენტი შეიძლება გასაძლიერებელი იყოს, შემდგომში ჩვენ იგივე ფორმატით შევიკრიბებით და მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს და შემდეგ ამ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ ამ საკითხების გადაჭრის გზებს. შემდეგ წარვუდგენთ კომპანიას. ეს იმის გარანტიაა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.

„ეს არ მოიცავს კაშხალს, რადგან ეს დროებით გადავდეთ და მანამდე კვლევები გადამოწმდება. თუმცა დანარჩენი ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. რაიმე რისკები, რომელსაც ჩვენი ექსპერტები ხედავდნენ ამ ნაწილში, არ არსებობს. მთავარი კითხვები იყო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებით და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ რეკომენდაციები და მითითებები მივცეთ კომპანიას. ამის საფუძველზე გაიცემა ნებართვა კონკრეტულად იმ ნაგებობაზე“, - განმარტა ნათია თურნავამ.