10.ივნისი .2021 21:23

„ნამდვილად სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ“ - ვინ სთავაზობდა კერძო ბაღებს HACCP-ის სტანდარტის დანერგვას

„ნამდვილად სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ“ - ვინ სთავაზობდა კერძო ბაღებს HACCP-ის სტანდარტის დანერგვას
views 192
უკან

საგანმანათლებლო ცენტრი“ მნათის“ აღმასრულებელი დირექტორი გიგი სისვაძის ინფორმაციით, კერძო ბაღების წარმომადგენლებს HACCP-ის სტადარტის დანერგვას უშუალოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლები სთავაზობდნენ, თუმცა სისვაძე სახელებს და გვარებს არ ასახელებს.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სისვაძემ განაცხადა, მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფი გაცილებით მაღალი იყო, რის გამოც ბიზნეს სუბიექტები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

„ძალიან კარგია რომ ინერგება HACCP-ის სტანდარტი, თუმცა ჩვენი სექტორის ის ნაწილი, რომელიც კერძო ბაღებს აერთიანებს, მოუმზადებლები შეხვდა ახალ რეგულაციას. იცით რომ 1 წელზე მეტი გაჩერებულები ვიყავით და გვქონდა სურვილი გადავადების, თუმცა ასე არ მოხდა. ამ პერიოდში ბაღებს ხშირად უკავშირდებოდნენ სხვადასხვა სუბიექტები, ზოგი ამბობდა რომ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, ზოგი იძახდა რომ თანამდებობის პირი იყო და ვფიქრობ, ამით პრივილეგიის დამტკიცებას ცდილობდნენ.

ჩვენ არ ჩაგვიყენებია უშუალოდ სეს-ის წარმომადგენლები საქმის კურსში, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე მათთან და ვისაც შევხვდი, ნამდვილად უწყების თანამშრომლები იყვნენ, სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, უბრალოდ მათგან ვერ მივიღე კვალიფიციური პასუხი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. ზოგი ყოფილი თანამშრომელიც იყო, თუმცა მათთან ტარიფების გამო ვერ მოხდა შეთანხმება. ეს რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტია და მათი მხრიდან არ არის სწორი მიდგომა.

ჩემი აზრით, როცა ასეთი სტანდარტი შემოდის აუცილებლად უნდა იყოს ლიცენზირებული. სამწუხაროდ ქვეყანაში არ არის ეს დარეგულირებული იმგვარად, რომ ყველამ არ დაიბრალოს სპეციალისტობა. ჩვენ საბოლოოდ დავუკავშირდით საერთაშორისო ექსპერტს, ვინც სისტემას ნერგავს და სწორედ მასთან მოხერხდა მემორანდუმის გაფორმება, გაცილებით დაბალი ტარიფით დავნერგავთ ამ სტანდარტს, ვიდრე ის ე.წ. სერტიფიცირებული პირები გვთავაზობდნენ.“ - განაცხადა სისვაძემ.

1 ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, HACCP-ის პრინციპების შესაბამისად, საქმიანობის წარმართვის ვალდებულება დაეკისრათ. რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს კი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ახალი სტანდარტის დანერგვის ვალდებულების პარალელურად, ბაზარზე გაჩნდნენ პირები, რომლებიც კვების ობიექტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ურეკავდნენ და სტანდარტების დანერგვისთვის 3 000-ლარიან მომსახურებას სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებდნენ რომ ოპერირებას შეუჩერებდნენ. ამ თემაზე პირველად ინფორმაცია bm.ge-ს სასტუმრო და რესტორან „ტერასას“ მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ მიაწოდა. თავად სააგენტოში კი აცხადებენ, რომ უწყება HACCP-ის პრინციპების დასანერგად ბიზნესთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის კამპანიებს აწარმოებს და სააგენტო სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართული არ არის. სეს-ის უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის თქმით, ისინი არ არიან ინფორმირებულები ვინ რეკავს მათი სახელით და რა მომსახურების მიღებას სთავაზობენ ბიზნესს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა