მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნანუაშვილი - მინიმალური ხელფასის დაწესება პირველ რიგში დაბალკვალიფიციურ მუშახელს დააზარალებს

5dcaea50aca89
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.19 21:53
1302
შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, პროფკავშირებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურისტმა ნიკა ნანუაშვილმა ისაუბრა იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივაში კვლავ რჩება. ნანუაშვილის თქმით, მინიმალური ხელფასის საკითხი, ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ, კონტრაქტის გაფორმების წესების შესახებ, სტაჟიორთა აყვანის წესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში არსებული ჩანაწერები მიღების შემთხვევაში მთლიანად საქართველოს ბიზნესზე და მის დასაქმებულებზე განსაკუთრებით მძიმე ეფექტს მოახდენს. ყველაზე მეტად პრობლემა დაბალკვალიფიციური და დამწყები მუშა-ხელისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის წარმოიშვება.

“ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხ შეხვედრამდე გვქონდა, ამ კანონპროექტის ავტორებთან და მხარდამჭერებთან. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე ვისაუბრეთ, ავუხსენით ჩვენი შენიშვნების არსი. ამ საკანონმდებლო ინიციატივამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, რაც ცალსახად მისასალმებელია, თუმცა, ჩვენი აზრით, რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები ამ პროექტში. მაგალითად, პრობლემებს შორის არის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირება. კვირაში ზეგანაკვეთური სამუშაო დრო არ შეიძლება აღემატებოდეს 8 საათს. ეს ცალსახად პრობლემაა. ეს პრობლემაა არამხოლოდ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, სადაც დირექტივის ამ წესიდან არის გამონაკლისები გათვალისწინებული. ასეთი გამონაკლისები ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 18 ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენ რაღაც სიახლეს და ექსკლუზიურ გამონაკლისს საქართველოსთვის არ ვითხოვთ.

არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადებასთან იმგვარად, რომ კომპანიას არ მოუწიოს ყველა თანამშრომლისთვის უვადო ხელშეკრულებების დადება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე ევროდირექტივის ჩანაწერი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეიძლება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ასეთი ვადიანი ხელშეკრულებები დაიდოს. ეს არის დღევანდელ შრომის კოდექსში.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების საკითხი. პროექტის დღეს არსებული ვერსია ითვალისწინებს, რომ ეს უნდა იყოს სულ მცირე 125% სამუშაო დროის ანაზღაურების, რაც ასევე პრობლემაა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს საერიოზულ გადახედვას შრომის ორგანიზების მიმართულებით. ამას შეიძლება მოყვეს ან ხელფასების, ან კადრების შემცირება. პრობლემა არის ასევე სტაჟირების მიმართულებით, თუმცა ამ კუთხით, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული წინსვლაც გვაქვს", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის მინიმალური ხელფასის ცნების შემოტანის და შემდგომში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი.

"ეს ჩვენი ღრმა რწმენით და იმ გამოცდილებით, რაც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ამ მიმართულებით, იმ ქვეყნებისა, ვინც ჩვენს მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდნენ თავიანთი ეკონომიკური განვითარებით, ამ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი კარგს არაფერს მოუტანს და ის მხოლოდ აზიანებს პირველ რიგში მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, ანუ ეს არის დაბალკვალიფიციური და დამწყები მუშახელი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებამდე უფრო დაიხვეწება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ამის იმედი გვქონდეს და გვაქვს იმედი, რომ დიდწილად ასახული იქნება ის შენიშვნები, რაც ჩვენ გამოვთქვით ამ პროექტის მიმართ,” - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივები შრომის კოდექსთან მიმართებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის მოდელს პრაქტიკულად სრულად ცვლის და მას მთელ რიგ ახალ ჩარჩოებში აქცევს, კონკრეტული საკითხების (მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთები, კონტრაქტების ვადიანობა) რეგლამენტირების შემთხვევაში, ქვეყანაში სამუშაო ძალის ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, ეს კი თავის მხრივ გაზრდის ბიზნესის ხარჯებს, რასაც შესაძლოა დაბალანაზღაურებადი ადამიანების გათავისუფლება, არაფორმალური სექტორის გაფართოება, მომავალში ხელფასების ზრდის ტემპის შენელება და უმუშევრობის ზრდა მოჰყვეს. 

მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 

1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო. 

2. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს. 

3. შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. 

მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო 

4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.