19.მაისი .2020 16:22

ნარჩენების დაყრისთვის სანქციების გამკაცრებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

views 416
უკან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელითაც ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები მკაცრდება.

ცვლილებების თანახმად:

- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით;

- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით.

- 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით;

- 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად - 2000 ლარის ოდენობით;

- 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა 500 ლარით დაჯარიმდება;

- 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა;

- 1 მ³-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით - 3000 ლარით;

დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე.
აღნიშნული ცვლილების განხორციელებით კი, უპირველესად, ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას შეეწყობა ხელი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და არსებული საკანონმდებლო აქტების პრაქტიკაში აღსრულება. ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წელს მივიღეთ, თუმცა მასზე დაკვირვების შედეგად, ვფიქრობთ, რომ ის ითხოვს დახვეწას და წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია სწორედ პრატიკაში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას და ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას“, - განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გოგა გულორდავამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა