მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის - რას მოიცავს სამოქმედო გეგმა?

62f110a05ef24
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 17:50
1060
საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის და ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მტკიცდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ცვლილებით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.

ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებული იქნა ნარჩენების მართვის კოდექსისა და სტრატეგიის შესაბამისად და მასში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები როგორიცაა: კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან; მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისათვის; მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა; სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიზანი ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და მიზნების 15-წლიანი პერიოდისთვის განსაზღვრა და საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაა – ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოების გზით.

აღსანიშნია, რომ ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს და განხორციელების ანგარიშს საქართველოს მთავრობას სამ წელიწადში ერთხელ წარუდგენს.