მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების სეპარაცია, მათი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოება - თბილისის ნარჩენების სტრატეგია

5f2e51b21a207
BM.GE
08.08.20 11:16
1756
დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის (ICP-ENVIROPlAN) ხელმძღვანელს ლუდვიგ შტრეფს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე სწორი გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ.

„ნარჩენების მართვა და ნარჩენების სეპარირებული მართვა არის ასოცირების შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც მუნიციპალიტეტებმა უნდა შეასრულონ. თბილისი ამ მხრივ მოწინავე მუნიციპალიტეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს დახმარებას და ვამუშავებთ სტრატეგიას. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით შექმნილი მოდელის მიხედვით უნდა მოხდეს ნარჩენების ადგილზე სეპარირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც თავის თავში მიზნად ისახავს იმას, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ნარჩენი, რომელიც პროდუქტად შეიძლება იქნეს გადაქცეული, გადამუშავდეს, მწარმოებლებს კი ხელი შეეწყოთ, რომ უზრუნველყონ მათი გადამუშავება. მეორე მხრივ, დანარჩენი ყველა სხვა ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან, ნაგავსაყრელზე აღარ უნდა განთავსდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი გადამუშავება და მათგან ელექტროენერგიის მიღება. საბოლოო ჯამში, ამ სტრატეგიის თანახმად შეიქმნება ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც სეპარირებული იქნება შუშა, რკინა, ქაღალდი და ყველა სხვა დანარჩენი ნარჩენი გარდაიქმნება ენერგიად“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება ნარჩენების შემგროვებელი მანქანების ისეთი სამარშრუტო სქემა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს როგორც მათი გადაადგილებისას საცობების წარმოქმნის რისკს, ასევე, ოპერირების ხარჯებს.

„სტრატეგიის ფარგლებში გერმანელმა ექსპერტებმა უნდა დაგვითვალონ სატრანსპორტო სქემები, რომ ნარჩენების გამტანმა მანქანებმა იარონ არა დღეში ორჯერ და არა ისე, როგორც ახლა დადიან, პიკის საათებში, არამედ იარონ გარკვეულ დროს. მათ ზუსტად უნდა დაგვითვალონ, თბილისის განაშენიანებიდან გამომდინარე რამდენი ავტომობილი და ურნა დაგვჭირდება, როგორც სეპარირებული, ასევე დანარჩენი ნარჩენისთვის. ასევე, როგორი იქნება ოპტიმალური სამარშრუტო სქემები „თბილსერვისის“ ავტომობილებისთვის, რომ შემდეგ მათ ეს ნარჩენები მინიმალური დანახარჯით შეაგროვონ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგია დედაქალაქში ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით და დედაქალაქში ნარჩენების EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ, რამდენიმე წელია, დაიწყო ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ნარჩენების მართვა. ამგვარად, მნიშვნელოვანია დედაქალაქს ჰქონდეს ისეთი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებასა და წარმოადგენს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული ვალდებულებების სათანადო შესრულებისა და დედაქალაქში ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვისათვის.

სწორედ აღნიშნული მიზნით თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება, მათ შორის, შემდეგი საკითხები: თბილისში ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების სათანადო დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობას და შესაბამისად ლილოს ნაგავსაყრელის საექსპლუატაციო ხარჯებს.

უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უკვე ახორციელებს ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს.
„ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას მიწისქვეშა ურნებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.