მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები მკაცრდება - რა პრობლემები ექნება კანონის აღსრულებას?

5e554aacbe00a
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.20 09:00
3367
ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გოგა გულორდავასა და სულხან მახათაძეს აქვთ. კანონპროექტის მიხედვით, ნარჩენების გარემოში დაყრაზე სანქციები ზოგ შემთხვევაში ორმაგდება, ზოგ შემთხვევაში ოთხმაგდება და მეტადაც იზრდება. ახალი ვალდებულებები შემოდის კომპანიებისთვისაც.

თუ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, 2 კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, მათ შორის სიგარეტის ნამწვით, 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი დაგიჯდებათ. თუ გარემოს ავტოტრანსპორტიდან გადმოყრილი ნარჩენით დაანაგვიანებთ, ჯარიმა აქ უფრო მკაცრია და 250 ლარს გულისხმობს, ნაცვლად დღეს არსებული 120 ლარისა.

5 ერთეულამდე საბურავის დაყრა 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ უფრო მეტი საბურავი არასათანადო ადგილზე იქნება განთავსებული, 2 ათასი ლარით.

ჯარიმები მკაცრდება სამშენებლო ნარჩენების არასათანადოდ განთავსებისთვისაც, 1 მეტრ კუბი ნარჩენის დაყრისთვის ფიზიკური პირები 500 ლარით, იურიდიული პირები კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

თუმცა, აქ ნარჩენის მოცულობებს აქვს მნიშვნელობა - სანქციის მაქსიმალური ოდენობა 30 ათასი ლარი იქნება იურიდიული პირებისთვის და ეს გაზრდილი სანქციების სრული ჩამონათვალი არ არის.

რატომ გადაწყვიტეს კანონპროექტის ინიციატორებმა, რომ ჯარიმების გაზრდა კარგი პრევენცია იქნება და ხომ არ აჯობებდა კანონის აღსრულება გაუმჯობესებულიყო? მით უმეტეს, როცა დეპუტატი და კანონპროექტის ავტორი სულხან მახათაძეც აღიარებს, რომ აღსრულების კუთხით ხარვეზები არსებობს.

“თვითმიზანი არ ყოფილა, რომ გინდა თუ არა, ჯარიმა გაზრდილიყო და ამით გარემოს დაბინძურებას სრულად ავირიდებდით ან სრულყოფილ პრევენციას მოვახდენდით, თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ფაქტორიც მუშაობს”,- აცხადებს სულხან მახათაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ში მიაჩნიათ, რომ ჯარიმების გაზრდა შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგანაც სანქციები დღესაც საკმაოდ მაღალია. ორგანიზაციის წარმომადგენლის კახა რუხაიას თქმით, პრობლემა დღეს კანონის აღსრულებაშია, რადგან ეს საკითხი 3 უწყებას შორის არის გადანაწილებული.

მისივე თქმით, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ნარჩენების მართვა კიდევ უფრო მოუწესრიგებელია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები ვერ გამოირჩევიან აქტიურობით. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი არის აღჭურვილობის არქონა, კადრების გადინება და მაღალკვალიფიციური კადრების სიმწირე.

გამოსავალი არის თუ არა საჯარიმო სანქციების გაზრდა? საერთოდ რომ არ ყოფილიყო კანონმდებლობა და შემოსულიყო ახალი ტიპის სანქციები, ეს სხვა საკითხია, თუმცა  ათჯერ გაზრდილი საჯარიმო სანქცია ვერ იმუშავებს. გამოსავალი არის კანონმდებლობის არსებული ნორმების აღსრულება და იმ პრობლემებთან ბრძოლა, რაც ხელს უშლის მის აღსრულებას.

პრობლემა უფრო მეტად არის აღჭურვილობის ნაკლებობასთან დაკავშირებული, თუ თბილისს არ ჩავთვლით. ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს არ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, რათა ადგილზევე მოხდეს დარღვევის დაფიქსირება - მათ სჭირდებათ მოწმე, რათა დაამტკიცონ დანაშაული და კიდევ სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლაა საჭირო”, - აცხადებს კახა რუხაია.

რაც შეეხება დამატებით ვალდებულებებს კომპანიებისთვის - კანონპროექტით, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება მოუწევთ იმ კომპანიებსაც, რომლებიც 400 ტონაზე მეტ ნარჩენებს წარმოქმნიან. აქამდე მსგავსი ვალდებულება მხოლოდ იმ კომპანიებს ჰქონდათ, რომლებიც 1000 ტონაზე მეტ ნარჩენს წარმოქმნიდნენ.

კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დანაგვიანებად მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსებაც.

20 კილოგრამამდე ცხოველური სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150 ლარის ნაცლად 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარი;

ხოლო 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენის არასათანადოდ განთავსებისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 1000 ლარი იქნება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 2 ათასი ლარი. თუმცა, რამდენად აღსრულებადი იქნება კანონპროექტის ეს ნაწილი? როგორც CENN-ში ამბობენ, პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში შესაბამისი ნაგავსაყრელებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა.

“ვიცით, რომ ინერტული ნარჩენები უნდა განთავსდეს შესაბამის პოლიგონზე, თუმცა, ოფიციალური სახით ასეთი არ გვაქვს ქვეყანაში, შესაბამისად, ნარჩენების წარმომქმნელს უწევს ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხებით უკანონო აქტის განხორციელება. რას ვგულისხმობ? თვითმმართველობა მიუთითებს მეწარმეს თუ ფიზიკურ პირს - “მოდი, აქ განათავსე ინერტული ნარჩენები და მერე იქნება რაღაც”... ეს ცალსახა კანონდარღვევაა და მისი სიმძიმე მოდის იმ სახელმწიფო თანამდებობის პირზე, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

ცხოველური ნარჩენების შემთხვევაში უფრო რთულად არის საკითხი, რადგან ბიოლოგიური ნარჩენები რამდენიმე საათში იწყებს ლპობას და შემაწუხებელია მოსახლეობისთვის. როცა ვსაუბრობ, რომ აქ უფრო მძიმე სურათია, ვგულისხმობ რას: მაგალითად, შინაური ცხოველი მოუკვდა მოქალაქეს, სად წაიღოს ის? პასუხი არის ზოგადი, რომ “ჩვენს მიერ წარმოქმნილი ნარჩენი უნდა წავიღოთ ან ცხოველებისთვის განკუთვნილ შესაბამის სასაფლაოზე, ან უნდა მივიტანოთ გასანადგურებლად”. მერე როცა სვამ შეკითხვას, სად უნდა წაიღო? პასუხად უბრალოდ სხვადასხვა ადგილზე გადამისამართებენ.

ასეთი მიდგომა მიუღებელია, უნდა იყოს სერვისული მიდგომა - თვითმმართველობამ უნდა შესთავაზოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ცხოველური ნარჩენების შეგროვებისთვის სისტემა. მოსახლეობა არ უნდა იყოს იძულებული, დაარღვიოს კანონი”,- აცხადებს კახა რუხაია.

კანონპროექტის ინიციატორი ასევე აღიარებს, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა არსებობს, თუმცა ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტების მიმართვის შემთხვევაში მყარი ნარჩენების კომპანია, შესაბამის ინფრასტრუქტურას მოაწყობს. თუმცა, საიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, გაურკვეველია. კანონპროექტის ინიციატორი იმასაც ამბობს, რომ სადაც ინფრასტრუქტურა არ არსებობს, სანქციები არ გავრცელდება, თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ქვეყნის, დაახლოებით, 50%-ია.

“სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ტექნიკის მობილიზებისა და კონტეინერების დადგმის საკითხები, დიდი ფინანსებიც დაიხარჯა, მაგრამ სისტემა არ არის სრულყოფილი, რომ მთელი საქართველო და ყველა მუნიციპალიტეტი და სოფელი მოიცვას”,- აცხადებს სულხან მახათაძე.

კანონპროექტი, რომელიც ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ამკაცრებს ჯარიმებს, ჯერ მხოლოდ ინიცირებულია და პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.