მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: თუ ვნახეთ რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, მაშინ უარს ვეტყვით გარიგებაზე

5f0e29ec0745c
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.20 01:41
1455
სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიეცემა - ამას სემეკისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარამიანიას განცხადებით, ამ ცვლილების გამოყენება სავარაუდოდ მოხდება ისეთ შემთხვევებში, თუკი სემეკი აღმოაჩენს, რომ გარიგება, რომელიც ენერგეტიკის სექტორს უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის იურიდიული პირის მეშვეობით ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული თანხებით ხდება. 

ამასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტში შევა ცვლილებები და მასში ჩაიწერება, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების იურიდიულ პირებთან მიმართებით არ იქნება მოქმედი ის შეზღუდვები, რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული. საკუთრების უფლებასთან მიმართებით კი ნარმანია აცხადებს, რომ ცვლილება საკუთრების უფლების შელახვას არ იწვევს - ეს კი მაშინ, როდესაც სემეკს შეუძლია კომპანიის მესაკუთრეს შეუზღუდოს წილის რეალიზაციის შესაძლებლობა, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის. 

"ამ საკითხს რაც შეეხება, ეს არანაირად არ ლახავს საკუთრების უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა წარმოადგინა ინფორმაცია და მარეგულირებელმა კომისიამ დაინახა ის, რომ ამ ინფორმაციაში რაღაც არის ან ხარვეზიანი, ან არასწორად წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნოს უკან ან მიუთითოს ხარვეზის შესახებ და უკან დააბრუნოს შევსებული დოკუმენტი, მაგრამ თუ შეგნებულად არის ინფორმაცია დამალული, თუ აქ ვნახავთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ფულია, ან სხვა ისეთი რამ არის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვუთხრათ ამ გარიგებაზე, რატომ ლახავს ეს საკუთრების უფლებას? წილს განა კარგავს მესაკუთრე, უბრალოდ, იმაზე ვერ გაასხვისებს და გაასხვისებს სხვაზე,"- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ახალი კანონპროექტის თანახმად, სემეკს ექნება 3-თვიანი ვადა იმისთვის, რათა კომპანიას მისცეს დასტური წილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე. სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

"არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.