მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათელია, რომ სუბსიდია არ არის ჯანსაღი პროცესი - “თბილღვინო”

62fb9c3c91b52
მარიამ ვარადაშვილი
16.08.22 21:35
1423

ღვინის კომპანია “თბილღვინოს” ხელმძღვანელი ზურაბ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სუბსიდირების პროცესის ამდენი ხნით გაგრძელება არაჯანსაღი პროცესია. ასე აფასებს ის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყურძნის კონკრეტული ჯიშები წელსაც დასუბსიდირდება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რქაწითლისა და კახური მწვანის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება. შედეგად, კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 90 თეთრზე ნაკლები არ უნდა იყო.

“მგონი ნათელია, რომ სუბსიდია არ არის ჯანსაღი პროცესი. მით უმეტეს როცა გრძელვადიანად ხდება. შესაძლოა გარკვეული პრობლემა რაღაც პერიოდში სუბსიდიით მოგვარდეს, მაგრამ შემდეგ, ეს პრობლემა ალბათ სხვაგვარად უნდა იქნას მოგვარებული. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვი”,-ამბობს მარგველაშვილი.

როგორც “თბილღვინოს” დამფუძნებელი BMG-ს ეუბნება, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ღვინის ექსპორტი გააჩერეს. ჯამში უკრაინისა და რუსეთის ბაზრის წილი კომპანიის გაყიდვებში დაახლოებით 35%-ს შეადგენდა და ამ ეტაპზე ცდილობენ გაყიდვების სხვა ბაზრები მოიძიონ.

“წელს რუსეთის ბაზარი მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 22% უნდა ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, მივიღეთ გადაწყვეტილება მთელი რიგი რისკების გათვალისწინებით, იქნებოდა ეს ფინანსური თუ რეპუტაციული და ომის დაწყებიდან ერთ თვეში რუსეთში ტვირთის გაგზავნა შევაჩერეთ. მინიმუმ იქამდე სანამ საომარი მოქმედებები შეწყდება. ამ ომმა უკრაინასა და ბელორუსშიც შეგვიჩერა გაყიდვები, რაც დაახლოებით 35%-იანი დანაკარგი იყო. სანაცვლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე უფრო აქტიურად დავიწყეთ გაყიდვების ზრდაზე მუშაობა. ამ დანაკლისის ჩანაცვლება ვერ მოხდა, თუმცა წლის ბოლოს ფაქტობრივად იმ ნიშნულზე გავალთ, რაც წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი. უკრაინაში საომარი მოქმედებების მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა შევინარჩუნეთ და ახალი პარტნიორიც დავიმატეთ. ამ ეტაპზე 30-მდე ქვეყანაში ვყიდით ღვინოს და ძირითადი მიმართულებებია: ყაზახეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა”,-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.