მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს

61b1e4634d216
ინგა მურუსიძე
09.12.21 15:16
829
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გამოწვევა უკვე დაძლეულია. შესაბამისად, დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ გაცემული შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტი - QR კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღსანიშნია, რომ 2021 წლის 1 დეკემბრიდან ”მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭიროა შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები; რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები; გასართობი ცენტრები; კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები; საკონცერტო დარბაზები; სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები; სპა-ცენტრები; ფიტნეს-დარბაზები; სასტუმროები; სამთო კურორტების საბაგირო გზები.