მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - 2020 წელს პრივატიზაციის გეგმას დაახლოებით 50%-ით ვზრდით

5d91ea54e8dca
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.19 16:00
1103
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას დაახლოებით 50%-ით გაზრდის. 

ნათია თურნავას თქმით, პრივატიზაციის დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

"მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება პრივატიზაცია. პრივატიზაციის ტემპის თვალსაზრისით, ჩვენ ცუდად არ მივდივართ, ბიუჯეტში ჩადებული გეგმა უკვე შესრულებულია, თუმცა ჩვენ ზეგეგმიურად გვქონდა ნათქვამი, რომ 100 მილიონ ლარზე გავიდეთ. დღეის მონაცემებით, 74 მილიონი ლარი გვაქვს უკვე მიღებული პრივატიზაციიდან და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე 100 მილიონზე ასვლა არის რეალისტური. ჩვენ გვაქვს პრემიერის დავალება, რომ მივხედოთ იმ ქონებებს, რომლებიც მრავლად არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში არ არის დატვირთული და სჭირდება უფრო მეტად ყაირათიანი მუშაობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქონება ჩაერთოს ეკონომიკაში და შევთავაზოთ პრივატიზაციის გზით ბიზნესს, რათა იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. აქედან გამომდინარე, მომავალი წლის პრივატიზაციის გეგმა დაახლოებით 50%-ით მეტი უნდა იყოს ვიდრე წლევანდელი", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაციით) 80 მილიონი ლარის შემოსავლის მობილიზება იყო დაგეგმილი. შესაბამისად, 2020 წელს პრივატიზაციის საპროგნოზო მოცულობა მინიმუმ 120 მილიონი ლარი იქნება. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს მთავრობის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები 16 მილიარდი ლარი იქნება. შესაბამისად, პრივატიზაციით სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების 0.75% იქნება მობილიზებული.