19.დეკემბერი .2019 15:01

ნათია თურნავა - განსაკუთრებით დავეხმარებით ქართული კერამიკის წარმოების განვითარებას

views 178
უკან

„ქართული წარმოების კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ აქამდე არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორის კერამიკის წარმოება.

„კერძოდ, ეს არის კერამიკული საშენი მასალების განვითარება, სანტექნიკური ნაკეთობების განვითარება, რადგან დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ძირითადად იმპორტით არის დაკმაყოფილებული. რეალურად კი ქართული კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამის მიერ მხარდაჭერილი დარგების ჩამონათვალს დაემატა საზღვაო თევზჭერა, ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი და ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის მიმართულებით 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.