მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - ნახშირი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი

5d8cbcbf41d8c
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.19 17:30
842

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში იმყოფება. მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს საუბარი საწარმოში ახალი ინვესტორის შეყვანის შესახებ, რის შესახებაც მინისტრისა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მართალია მსოფლიოს ენერგეტიკაში ქვანახშირის წილი კლებულობს, ნახშირი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი:

"დავალება მაქვს პრემიერ-მინისტრის მოვნახოთ, კარგი გადაწყვეტილება. ორი რაღაც მაინტერესებს. მე ამ კითხვას დავუსვამ ახლანდელ მფლობელ კომპანიასაც და ახალ ინვესტორსაც, რომელიც როგორც ვიცი იქნება ამ კომპანიაში. ადამიანები შახტაში უნდა ჩადიოდნენ არა პროტესტის ნიშნად, არამედ ნახშირის მოსაპოვებლად. გქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება და უსაფრთხო სამუშაო პირობები. თქვენს კითხვებზე ერთად მოვისმენთ პასუხს და ვიქნებით გარანტორები რომ რაც ითქმის, უმკაცრესად მოვთხოვთ კომპანიას, რომ ეს შესრულდეს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს ზოგადად მეშახტეების ბედი, თქვენ კარგად იცით, რომ მე კარგად მესმის ეს სფერო.

პრემიერ-მინისტრის დავალება მაქვს ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები და პირველ რიგში თქვენთვის იქნება მისაღები, თქვენ ხართ მთავარი სიმდიდრე საქნახშირის. მე მჯერა როგორც ეკონომიკის მინისტრს, რომ მენახშირეობას საქართველოში აქვს მომავალი. დიახ, არის ტენდენციები მსოფლიოში, რომ ნახშირის წილი თითქოს კლებულობს, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი ჰქონდეს. მე ვიცი, რომ ჩვენი ნახშირი ამისთვის არის გამოსადეგი, კარგი მენეჯმენტის და სათანადო კონტროლის და ინვესტიციების პირობებში, შესაძლებელია, რომ ჩვენ თქვენ დაგეყრდნოთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მე მოვთხოვ პასუხს ინვესტორებს, იმედი მაქვს რომ ძალიან დამაჯერებელი გეგმა ექნებათ თუ როდის აღდგება ტყიბულში უსაფრთხო მოპოვება,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.