10.მარტი .2020 14:46

ნათია თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება

views 251
უკან

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის უცხოური ინვესტიციების შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალი ძალიან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია.

„ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ მიმდინარე წელს რაიმე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკები არ შეგვიშლის ხელს, აღმავალი დინამიკა გაგრძელდება და განმტკიცდება.

„საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით (ორჯერ და მეტად) აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს. ასევე მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი და 172.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 14.0 პროცენტიდან 49.6 პროცენტამდე გაიზარდა.

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზარდა და 1267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 2019 წელს 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა კავშირგაბმულობის, სასტუმროების და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა