მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - "აირზენამ" პარიზი-თბილისის რეისზე ბილეთები ჩვენთან შეუთანხმებლად გაყიდა

5efda2dc1b428
ინგა მურუსიძე
02.07.20 13:10
1292
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ავიაკოპანია „აირზენამ“ პარიზი-თბილისის მიმართულებით ბილეთები მთავრობასთან შეთანხმების გარეშე გაყიდა.

თურნავას განმარტებით, მთელი რიგი რეისები შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, თუმცა ყველა - არა.

რაც შეეხება „აირზენას“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, თურნავა პასუხობს: „ბოკერიამ უკეთ იცის, ვინ ვისთან რას ათანხმებს, როგორც ჩანს“.

„იყო მთელი რიგი რეისები, რაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისის ბილეთები ისე იყო გაყიდული, რომ ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. პარიზის ბილეთები ისე გასხვისდა, რომ ჩვენთან შეთანხმებული არ იყო. არ იყო დაგეგმილი ეს რეისი და ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადეს დიდი თანხები ბილეთებში, ახლა კი მოუთმენლად ელოდებიან ჩამოსვლას სამშობლოში. ყველაფრის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გადაიდოს ეს რეისი და დროულად შესრულდეს ის“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ორშაბათს გამოქვეყნდება ლოკაციები, საიდანაც ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან.

"ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოდ და ეს იქნება ყველასთვის მოსახერხებელი გრაფიკი მოსახერხებელი ფასით. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე მეტი კონკურენციის საავიაციო დარგში, ბევრი ვიმუშავეთ, რომ „ვიზეარი“ გაფართოებულიყო, „რაინეარი“ შემოსულიყო და ა.შ. „აირზენა“ კვლავაც გააგრძელებს კომერციული ჩარტერების შესრულებას, მაგრამ ახლა რა დავალებაც მივიღე პრემიერისგან, ეს არ გულისხმოვბს კომერციულ ჩარტერებს. კომერციულ ჩარტერებზე „აირზენას“ მართლა ძალიან მაღალი ფასები აქვს. ახლა ვსაუბრობთ სუბსიდირებაზე სოციალურ ფრენებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო დაუკვეთავს კონკრეტულ ავიაკომპანიებს. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ „აირზენაც“, მაგრამ სხვა ავიაკომპანიების დაინტერესებაც არის", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: პანდემიის პირობებში ავიარეისებს ამ დრომდე მხოლოდ „აირზენა“ ასრულებს.