მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - წყალტუბოს სანატორიუმებს ინვესტორებს უახლოეს თვეებში შევთავაზებთ

5dfceaf8a9b78
ინგა მურუსიძე
20.12.19 19:36
996
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წყალტუბოს სანატორიუმებს ინვესტორებს უახლოეს თვეებში, კონკურენტული პირობებით შესთავაზებენ.

როგორც თურნავამ პარლამენტში, "მინისტრის საათის ფარგლებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სანატორიუმების და მთლიანად წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში იმერეთში 20 ათასი ადამიანი დასაქმდება.

"მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს მთლიანად დასავლეთის და იმერეთის ტურისტულ განვითარებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში 8000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათი აღდგენის შედეგად დაახლოებით 1 მლნ ტურისტს მოვემსახურებით.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის და ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ აღმავლობაზე იმოქმედებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ საჯაროდ პროცესი, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, ინვესტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებული წესით მუშაობს გენგეგმის პროექტზე და ჩვენ უახლოეს თვეებში შევძლებთ ინვესტორებს კონკურენტული ფასით, პირობებით შევთავაზოთ არსებული სანატორიუმები იმისთვის, რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადამიანები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რა იგეგმება წყალტუბოში - ქალაქმშენებლობითი გეგმების ვადები