მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება

60545cda5029c
BM.GE
19.03.21 12:07
865
„თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის ფონზე და კოვიდთან ბრძოლის ფონზე, ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი",- ამის შესახებ ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომელთა მიხედვით, მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით - 23.3%-ით გაიზარდა. ნათია თურნავას კომენტარს და პრესრელიზს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორ კომპონენტს - სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამმუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული - 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3 პროცენტით გაიზარდა და 202.6 მლნ აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 75.0 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდისათვის იმპორტი 12.2 პროცენტით შემცირდა და 618.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ  აშშ დოლარი შეადგინა.