მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ Wizz Air-ი კვირაში 10 ფრენას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო

5f16ce4e969cb
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 15:14
12256
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები - Wizz Air-ი და Ryanair-ი მთავრობისგან მაღალი სიხშირეების ფრენებისთვის ითხოვდნენ ნებართვას, რაც მინისტრის თქმით, პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მაღალი ნაკადის გათვალისწინებით ეპიდემიოლოგიური რისკები გაიზრდებოდა. აქვე მინისტრი ამბობს, რომ Lufthansa-სა და Air France-ის მიერ მოთხოვნილი შედარებით დაბალი სიხშირეების გამო, ამ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უფრო მარტივად წარიმართა. 

ნათია თურნავას თქმით, WizzAir-ისგან ოფიციალურად ფრენების განახლების მზაობა 10 მიმართულებით იყო, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია.

„მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არის, რომ „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, "ლუფთჰანზასთან" ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. "ვიზეარი" და "რაინეარი" ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს.

ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი - ჯანმრთელობა დავიცვათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. ფრენებს Air France-ი, Air Baltic-ი და Lufthansa შეასრულებენ.