მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს წარვადგენთ

5e33f17a2f650
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 13:20
1135
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს წარადგენენ. მინისტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად გადადის ის.

ნათია თურნავა ამბობს, რომ 2020 წელი აეროპორტების განვითარებისთვის ახალი პროექტების და ახალი ტემპის წელი იქნება.

„ჩვენ, დღეს გვაქვს საშუალება, რომ ახალი ხელმძღვანელი წარგიდგინოთ და ამაზე განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ის (ახალი ხელმძღვანელი) ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალი იქნება, ერთი თვისება აქვს რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დავტოვოთ ინტრიგად. წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი ენერგიის წელი, ახალი პროექტებისა და ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხის წელი ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს.

ნათია თურნავამ საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაზრდილ ტურისტულ ნაკადს უპასუხონ.

„აეროპორტების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია. თქვენ იცით, რომ ფართოვდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა. გასულ წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი შემოდის საჰაერო გზებით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ქუთაისის აეროპორტი არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი, რაზეც უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გვინდა. წელს ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს ახალი ტერმინალის მშენებლობა და გაფართოება. გვაქვს ახალი გამოწვევები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტურისტზე უფრო მეტად ორიენტაციის თვალსაზრისით. გვინდა, რომ უფრო მეტად კომფორტული იყოს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - "ტავ ჯორჯიასთან". მიმდინარეობს და იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალების გაფართოება. ძალიან ბევრი ინიციატივა არის“, - აცხადებს თურნავა.