29.ნოემბერი .2019 13:20

ნათია თურნავა ამბობს, რომ აქციები დისკომფორტს უქმნის, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია

views 110
უკან

„არ მრცხვენია და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი (საპრივატიზაციო)ობიექტი შევთავაზე ბიზნესს”, - ასე უპასუხა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქიებს, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებებს და ამ ფონზე მუშაობას შეეხებოდა.

„გიქმნით თუ არა ეს ყველაფერი უხერხულობას?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა მინისტრს, რაზეც ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ვინმეს მშვიდობიანი აქციის საწინააღმდეგო რამე ჰქონდეს.

„რა ნაწილშიც პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონმდებლობას, ეს მისაღებია და მშვიდად უნდა შევეგებოთ, ხოლო სადაც გვაქვს საქმე ისეთ ქმედებებთან, რომლებიც იწვევს სახელმწიფო უწყებების პარალიზებას და ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლას, აქ სამართალდამცავები სრულიად ადეკვატურ ზომებს იღებენ... მშვიდობიანი აქციის საწინააღმდეგო არ შეიძლება, რომ ვინმეს ჰქონდეს. ესაა კონსტიტუციური უფლება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელშეუხებელია. რაც შეეხება იმას, გვიქმნის თუ არა ეს უხერხულობას, რა თქმა უნდა, ეს ქმნის დისკომფორტს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ, რა ნაწილშიც ეს არ არღვევს კანონს; თუმცა მე იმასაც ვიტყვი, რომ არ მრცხვენია და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის პიკეტირება, ეკონომიკური ზრდის პიკეტირება და ინვესტორების პიკეტირება და სწორედ ამიტომაც აქ დღეს არავინაა”, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: ეკონომიკის სამინისტრომ დღეს 100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაცია გამართა, რომელთა ჯამური საწყისი ფასი 150 მლნ ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა