მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება

5e26a405d485d
თელარა გელანტია
21.01.20 11:09
1143
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„როგორც იცით, ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან; ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება”, - განაცხადა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კომპანია მალე გამოჩნდება.

"დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - შეიძლება თუ არა გააქტიურდეს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი ანაკლიის პორტია.

„ეს არაა სიახლე, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა ახლა საქართველოში იმდენად აქტუალურია, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, რომ თავისი პროექტი განევითარებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტზე ვართ კონცენტრირებული", - თქვა მინისტრმა.