24.მარტი .2020 14:09

ნათია თურნავა: არანორმალური ვითარება აისახა ლარის კურსზე

views 569
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ისეთ ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურიზმის გაჩერება და ექსპორტის გართულებაა, ლარის გაუფასურების უმთავრეს მიზეზს დღეს ნეგატიური მოლოდინების ესკალაცია წარმოადგენს. ეკონომიკის მინისტრი ბიზნესმენებს და მათ შორის იმპორტიორებს მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებმაც ამ მოლოდინებზე დამატებით უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინონ.

“გლობალური ეკონომიკური კრიზისია, გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი და გლობალურად დაარტყა ამ გამოწვევამ. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და უფრო ფართოდაც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. არასწორი და უპასუხისმგებლო იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ შევძლებთ და ამ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მსოფლიოში ხდება გაუფასურება სხვადასხვა ვალუტების იმის გამო, რომ ვაჭრობა შეწყდა, ტურიზმი შეწყდა და ეს არანორმალური ვითარება აისახა ლარის კურსზე. რაც ჩვენ შეგვიძლია და ვაკეთებთ, არის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შემცირება.

ჩვენ მიერ შერჩეულია 9 დასახელების სასურსათო საქონელი, რომლის ფასთა ზრდაც გვაქვს გადაზღვეული და ამის მონიტორინგს ჩვენ ვაკეთებთ. ამ თვალსაზრისით კურსის გაუფასურება არ აისახება ამ საქონელზე. რა თქმა უნდა, ამ საქონლის ჩამონათვალს 100-სა და 200 საქონელზე ვერ გავზრდით, რადგანაც ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები შევარჩიეთ. 9 პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ კალათაში, მათი ფასები არ გაიზრდება. გარდა ამისა, ხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის დოლარის სოლიდური ინტერვენციებიც გაკეთდა. რთულია ამ ეტაპზე ეს უკან წამოვიყვანოთ და დავუბრუნოთ ეს დინამიკა თუნდაც ერთი და ორი თვის წინანდელ ნიშნულს, მაგრამ გარკვეულ შემაკავებელ ეფექტს ეროვნული ბანკის სტრატეგიაც იქონიებს და გაუფასურების ტემპი იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე იქნებოდა ამის გარეშე.

იმპორტიორებს მოვუწოდებ, ნუ ვიჩქარებთ რაღაც განცხადებების გაკეთებას, რათა არ შევქმნათ იმაზე უფრო ნეგატიური მოლოდინები, რაც არის შექმნილი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი არ მუშაობს და ექსპორტი არის გართულებული. ეს არის გარკვეული ობიექტური საფუძველი, მაგრამ ამის ზევით არის უკვე წმინდა წყლის, ნეგატიური მოლოდინების ესკალაცია და ამაში თავიანთ შენატანს ნუ გააკეთებენ,” - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მარტის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციების გზით, ლარის პიკური გაუფასურების შესაჩერებლად $60 მილიონი გაყიდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარი 3.51 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა