მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ავიამიმოსვლის აღდგენის შედეგებს ალბათ გვიან გაზაფხულზე ვიგრძნობთ

6013d1c521a69
ინგა მურუსიძე
29.01.21 14:19
1009
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება. Bm.ge-იმ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხა, როდიდან ელის ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას, თან იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით, დიდ ქალაქებში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, ასევე, დაკეტილია რესტორნები და ზამთრის კურორტები. 

ნათია თურნავას თქმით, არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი იმაზე, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში ტურისტების მასიურად შემოვლენ. "ამის საშუალებას არც გლობალური პანდემია იძლევა", - დასძინა მინისტრმა.

ასევე ის აზუსტებს, რომ მთავრობა საუბრობს ქვეყნის არა საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით ვიზიტორების მიღებაზე.

"სახმელეთო საზღვრებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, ეს მეტი რისკის მატარებელია და სიტუაცია დაკვირვების რეჟიმშია. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1 თებერვლიდან ჩვენთან მასიურად ბევრი ტურისტი ჩამოვა; ალბათ გვიან გაზაფხულზე ვიგრძნობთ ამ გახსნის შედეგებს და იმ დროისთვის თუ ეპიდემიოლოგების პროტოკოლები შევასრულეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის დიდი იმედი მაქვს“, - ამბობს ნათია თურნავა.