02.ნოემბერი .2019 10:33

ნათია თურნავა: ბიზნესს ვირტუალურ ბიზნეს სახლს შევთავაზებთ

ნათია თურნავა: ბიზნესს ვირტუალურ ბიზნეს სახლს შევთავაზებთ
views 1196
უკან

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაწყებული „ბიზნეს სახლის“ პროექტი, იმ ფორმით, როგორც ეს 2016 წელს გაცხადდა, არ განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის თავად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა განუცხადა.
ნათია თურნავა ფიქრობს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მისაღებად ძვირადღირებული შენობა საჭირო არაა, ამიტომ მოქმედი მთავრობა კვირიკაშვილის „ბიზნეს სახლის“ ნაცვლად ვირტუალური „ბიზნეს სახლის“ შექმნას გეგმავს.

„ბიზნეს-სახლის კონცეფცია, პირველ რიგში, ესაა ერთიანი, გამარტივებული სერვისები და ჩვენ ამ ერთი ფანჯრის პრინციპის ფარგლებში, ვამუშავებთ და ბიზნესს შევთავაზებთ ვირტუალურ ბიზნეს სახლს“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისივე თქმით, პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

„განვახორციელებთ ერთიანი ფრონტ-ოფისის ამოქმედებას, მაგრამ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით და ისეთი პროგრამები, როგორიცააა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მურნეობის პროგრამები, ტურისტული პროგრამები და ა.შ. იქნება ერთიანი ფრონტით წარმოდგენილი, რათა ადამიანებს სერვისების მიღება გაუმარტივდეთ. რაც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ძვირადღირებული შენობა სრულიად არაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა თავ-თავიანთ სოფლებში მიიღონ სახელმწიფო სერვისები. ბიზნეს-სახლი იქნება განთავსებული არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ იუსტიციის სახლთან, რადგან მას აქვს ყველაზე კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ ადამიანი თბილისში ჩამოვიყავნოთ სერვისების მისაღებად, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც არის, იქ მივაწოდოთ საჭირო სერვისი“, - განუცხადა bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ვირტუალური „ბიზნეს სახლის“ შექმნას გეგმავს, რასაც ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ სჭირდება, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლისთვის“ შენობის აშენება მაინც მიმდინარეობს. ობიექტს კომპანია „ენსისი“ ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, 10 მლნ ლარად აშენებს. დამკვეთს შენობის კარკასი 2020 წლის თებერვალში უნდა ჩაბარდეს.

კითხვაზე - რა იქნება ბიზნეს-სახლისთვის აშენებული შენობის ფუნქცია, მინისტრმა განაცხადა, რომ მის „განკარგვაზე იზრუნებენ“.

„ჩამოვყალიბდებით შემდგომში როგორ განვკარგავთ მას (შენობას)... შენობას გავყიდით ან შეიძლება რომელიმე უწყება გადავიდეს, ტყუილად არ დაიკარგება... ჩვენ მას განვკარგავთ ისე, რომ ის თანხა (იგულისხმება 10 მლნ ლარი, რომელიც შენობის კარკასის აშენება ჯდება) ტყუილად დახარჯული არ იქნება. ეს შენობა ჩვენი საკუთრებაა. ძალიან მიმზიდველი ობიექტია და ვიზრუნებთ მის განკარგვაზე“, - ამბობს ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა