მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ბიზნესთან შეხვედრას აფასებს: მივდივართ ფრთხილი ნაბიჯებით, ლოგიკა ავუხსენით

60101609d54fb
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 17:23
734
საქართველოს მთავრობის ადამინისტრაციაში ეკონომიკური გუნდის წევრების, ჯანდაცვის მინისტრის, ეპიდემიოლოგების და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც ცნობილია, გუშინ ინდუსტრიამ მთავრობას რიგი სექტორების გახსნის მოთხოვნით ღია წერილით მიმართა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ითხოვა. შეხვედრა შედგა, თუმცა ინდუსტრიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურიზმის ინდუსტრიისთვის - რესტორნებისთვის, ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, ის ლოგიკა, რომლითაც საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების და ამოქმედების გრაფიკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობის წევრების და ეპიდემიოლოგების განმარტებები მოისმინეს და მათთვის ეს არგუმენტები გასაგებია.

„შეხვედრას ეკონომიკური გუნდის გარდა ესწრებოდა ამირან გამყრელიძე, ეკატერინე ტიკარაძე, მათ კონკრეტული კრიტერიუმები დაასახელეს და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელია და ეს გამჭვირვალე და გასაგებია ბიზნესის წარმომადგენელებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის გახსნა ფრთხილი და თამამი ნაბიჯებით დაიწყო.

„ვისაუბრეთ იმ შემსუბუქებაზე, რაც სახეზეა აჭარაში ე.წ. მწვანე რეგიონში. აქ 1 თებერვლიდან ღია სივრცეებში რესტორნები იწყებენ ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. ეს არის საკმაოდ თამამი ნაბიჯები.

ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, რაც მთავარია, ბიზნესებს ლოგიკა ავუხსენით. ძალიან კარგად გვესმის, რომ ცალკეულ საოჯახო სასტუმროს ბაკურიანში ბევრს არაფერს აძლევს არსებულ რეჟიმში მუშაობა, რადგან მართალც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი იკარგება და ვერ მასპინძლობენ სრულფასოვნად სტუმრებს, მაგრამ ესეც ხომ გასაგებია, მათი დაკეტვა ჩვენი ნება-სურვილი არ არის. არ არის აუციელებელი, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ შეზღუდვებზე გადაწყვეტილება, ჩვენ რეგიონ-რეგიონ წავალთ“, - განაცხადა თურნავამ და აღნიშნა, რომ მდგომარეობის მონიტორინგი ყოველკვირეულად იწარმოებს და გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით მიიღება.