მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა და მიხეილ ჩხენკელი სამკერვალო დარგის წარმომადგენელებს შეხვდნენ

5de6a87de01bd
BM.GE
03.12.19 23:41
894
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა განაცხადეს, ბიზნესმენთა პრობლემების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ითქვა, რომ აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო დარგის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე.

შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, დააფინანსოს ტექსტილის კომპანიების საჭიროების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი პროფესიული პროგრამები. მხარეები თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ და მომავალი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენი სამინისტრო პერიოდულად ხვდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ცოტა ხნის წინ შევხვდით ტექსტილის ინდუსტრიას, 20-ზე მეტი საწარმო იყო, როდესაც განვიხილეთ ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დარგი დგას, ერთ-ერთი მთავარი იყო პროფესიული კადრების ნაკლებობა. ეს გამოწვევა არის სწორედ ის მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რაზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რადგან პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერა არის ჩვენი სამინისტროს და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მაღალი დონის პრიორიტეტი,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წინა შეხვედრაზე დავპირდით ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ შემდეგი შეხვედრა ჩატარდებოდა იმ სამინისტროში, რომელიც დღეს გვმასპინძლობს. ჩვენ კონკრეტულად ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენი ორი სამინისტრო ამ კომპანიებს და მხარი დავუჭიროთ ადამიანების მომზადება-გადამზადებას ისეთ პროგრამებში, რაც არ შეუქმნის განვითარების პრობლემას ტექსტილის ინდუსტრიას - იქნება ეს კონსტრუქტორები, დიზაინერები, ტექნოლოგები თუ სხვა მოთხოვნადი სპეციალობები, სადაც ადამიანთა დასაქმების მზადყოფნას უკვე ახლავე ავლენს ჩვენი სამკერვალო ინდუსტრია,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ეს არის ქართული წარმოების მხარდაჭერის ერთ-ერთი მიმართულება. „სხვა ბევრი გზაც არსებობს, რითიც გვერდში ვუდგავართ ბიზნესს - მათ შორის არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო მხარდაჭერა, მაგრამ კვალიფიციური კადრების გადამზადება იმისთვის, რომ ადამიანები ღირსეულად დასაქმდნენ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სწრაფად დასაქმდებიან. ამისათვის პროფესიულ კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მათ შორის, პროფესიული პროგრამების შემუშავების დონეზეც.