მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა დაგეგმილ რეგულაციებზე: ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი

5daad267704a4
დავით ჯალაღონია
19.10.19 13:06
875
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, როგორც ახალ, ისე ძველ კორპუსებში საჭიროა გაზის დეტექტორების დამონტაჟება და ამ კუთხით ახალი რეგულაციები მზადდება.

ამის შესახებ მინისტრმა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადა, სადაც გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, გაზის სავარაუდო გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო, ერთ–ერთი დაზარალებულის მოსანახულებლად მივიდა.

„ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები. გაზგამანაწილებელი კომპანიები აკეთებენ გეგმიურ შემოვლას და ქალაქებსა და სოფლებში ამოწმებენ მოსახლეობას, სადაც არის გაზის მოწყობილობები, ხდება იმ გაზის მოწყობილობების ჩაჭრა, რომელიც წესების დარღვევით არის დამონტაჟებული, მაგრამ თუ თვითონ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, რთული იქნება ასეთი შემთხვევების პრევენცია.

მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დადგა უკვე გათბობის სეზონი და ძალიან მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ, არ მიაერთონ თვითნებურად, რადგან აქ საუბარია თითოეულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ჩვენ, გამკაცრების თვალსაზრისით, ასევე სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება და ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ შენობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს იმ შემთხვევაში, თუკი არის ზედმეტი გაზის რაოდენობა ჰაერში და დაგვიცავს“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. კორპუსი ევაკუირებულია, ოთხი დაშავებული კი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 39 წლის მამაკაცს სხეულის 60%–იანი დამწვრობა აღენიშნება.