მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება

604728fc2ae1f
თელარა გელანტია
09.03.21 11:49
490
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესი“ იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ეკონომიკას შეემატება.

ამის შესახებ ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა რაციონალური მოთხოვნა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ. ვამზადებთ წინადადებების პაკეტს, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს, გნებავთ, დამოუკიდებელი ექსპერტების, ქართველი მეცნიერების თუ ადგილობრივი მოსახლეობის; უფრო მეტად მოვთხოვთ კომპანიას, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და სათემო განვითარების კონკრეტულ პროგრამებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამას ჩვენ მივაღწევთ.

დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესი“ იქნება ერთ-ერთ წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ეკონომიკას შეემატება“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად „ნამახვანჰესის“ პროექტის მიმართ მეტი ნდობა გაჩნდება.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მისვლისკენ ჯერ კიდევ 4 მარტს მოუწოდა; 5 მარტს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.